ფეხბურთი

12:11 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალს დაჩვეული “ჩელსი” და 40 წლის შემდეგ დაბრუნებული “ატლეტიკო” ერთმანეთის პირისპირ

 

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში ერთამანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებმაც 2012 წლის ევროპის სუპერთასზე ითამაშეს. ის მატჩში დიეგო სიმეონეს “ატლეტიკომ” 4:1 მოიგო და დღეს “ჩელსი” რევანშის აღებას შეეცდება.

“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ბოლო 11 სეზონში მეშვიდედ გავიდა. ლონდონელებს მწვრთნელიც გამოცდილი ჰყავთ – ჟოზე მოურინიომ გუნდი ამ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ გაიყვანა.

ამის საპირისპიროდ, გამოცდილების ნაკლებობას განიცდის “ატლეტიკო”, რომელიც ამ ტურნირის 1/2-ფინალში ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს.

გუნდები ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან. პირველად ეს 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. “ჩელსიმ” ლონდონში გამართული მატჩი 4:0 მოიგო, ხოლო მადრიდში გუნდებმა 2:2 ითამაშეს.

2012 წელს, ევროპის ლიგის გამარჯვებული “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ “ჩელსის” ევროპის სუპერთასზე დაუპირისპრიდა. ესპანელებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს, მაგრამ იმ მატჩის გმირი რადამელ ფალკაო, რომელმაც “ჩელსის” 3 გოლი გაუტანა, დღეს “ატლეტიკოში” აღარ თამაშობს.

“ატლეტიკო” ინგლისურ გუნდებს სულ 21-ჯერ შეხვედრია. მადრიდელებმა 8 თამაში მოიგეს, ამდენიმე ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს. ესპანეთში ჩატარებული 9 მატჩიდან 5 მასპინძლეთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 4 – ფრედ. ინგლისურ გუნდებთან გამართული 7 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “ატელტიკომ” 7 მოიგო და 2 წააგო.

“ჩელსის”, ესპანურ გუნდებთან გამართულ 32 თამაშში 14 მოგება, 11 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდა. მეტოქის მოედანზე ლონდონელებმა 3-ჯერ მოიგეს, 6-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს. 9 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “ჩელსიმ” ესპანელებს 4 მოუგო, ხოლო 5-ჯერ ასპარეზობას თავად გამოეთიშა.

“ატლეტიკო” დღევანდელ მატჩს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. მადრიდელებმა პრიმერას ბოლო 8 თამაში მოიგეს, აქედან 7 მშრალად. შედეგად, სიმეონეს გუნდი გათამაშებას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

“ჩელსის” საქმეები ცუდად მისდის. ლონდონელებმა, პრემიერლიგის ბოლო ტურში, “სანდერლენდთან” საკუთარ კედლებში წააგეს. ეს იყო ინგლისის ჩემპიონატში, “სტემფორდ ბრიჯზე”, მოურინიოს პირველი მარცხი 78 თამაშში. “ჩელსი”, 35 ტურის შემდეგ, მე-2 ადგილზეა და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება. ლონდონელები მე-3 ადგილზე მყოფ “სიტის” 1 ქულით კი უსწრებენ, მაგრამ მანჩესტერელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

“ატლეტიკოს”, დიდი ალბათობით, არდა თურანი დააკლდება. მადრიდელებს სხვა საკადრო პრობლემა არ აქვთ. ითამაშებს ტიბო კურტუაც, რომელიც “ჩელსის” საკუთრებაა და თავისი მესაკუთრე გუნდის წინააღმდეგ ბელგიელი მეკარის მოედანზე გამოჩენა საეჭვო იყო, მაგრამ საკითხი ესპანელთათვის სასარგებლოდ გადაწყდა.

“ჩელსის” მხრიდან, ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო ჩეხისა და აზარის თამაში, მაგრამ მატჩს ორივე მათგანი მწყობრში ხვდება. ვერ ითამაშებენ ტრამვირებული ეტოო და დისკვალიფიცირებული ივანოვიჩი.

შეხვედრას შვედი იონას ერიკსონი განსჯის. მას “ატლეტიკოს” თამაშში მონაწილეობა ერთხელ მიუღია. 2012 წელს, ევროპის ლიგის 1/8-ფინალში, მადრიდელებმა “ბეშიქთაში” 3:1 დაამარცხეს.

ერიკსონი “ჩელსის” მატჩს მეოთხედ განსჯის. პირველად ეს 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა, როდესაც ლონდონელებმა “პორტუ” სტუმრად 1:0 დაამარცხეს. 2013 წელს, ევროპის ლიგის ნახევარფინალში, “ჩელსიმ” “ბაზელი” 3:1 დაამარცხა. იმავე წელს, ევროპის სუპერთასზე, ლონდონელები “ბაიერნს” ანგარიშით 2:2 დაუზავდნენ, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში მიუნხენელებმა იმარჯვეს.

  • ჟოზე მოურინიომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეხუთედ გაიყვანა;
  • 2008 წლიდან მოყოლებული, წინა 6 გათამაშებაში, ჩემპიონთა ლიგას ან “ბარსელონა” იგებდა, ან კატალონიელთა გამომგდები გუნდი, ხოლო 2006 წლიდან მოყოლებული, თუ “ბარსელონა” არა, მისი მძლეველი გუნდი ფინალში აუცილებლად გადიოდა. წელს, “ბარსას” ტურნირიდან გამოთიშვა “ატლეტიკომ” მოახერხა;
  • “ატლეტიკოს” ინგლისურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია;
  • “ატლეტიკოს” პირველი მეკარე ტიბო კურტუა “ჩელსის” საკუთრებაა. ის მადრიდულ გუნდში, არენდის წესით, მე-3 სეზონს ატარებს;
  • “ატლეტიკო” ჩემპიონთა თასის/ლიგის 1/2-ფინალში 1974 წლის შემდეგ პირველად გავიდა;
  • “ატელტიკო” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვს;
  • “ატლეტიკომ”, მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში ჩატარებული ხუთივე თამაში მოიგო;
  • “ატლეტიკო” ევროტურნირის 1/2-ფინალში მეცამეტედ თამაშობს. წინა 12 მცდელობიდან მადრიდელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა 6-ჯერ მოახერხეს;
  • “ჩელსის” ევროტურნირის 1/2-ფინალში 11-ჯერ უთამაშია. ლონდონელები ფინალში 5-ჯერ გავიდნენ;
  • ჟოზე მოურინიოს შანსი აქვს გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას 3 გუნდს მოაგებინებს. აქამდე, პორტუგალიელმა ამ ტურნირზე “პორტუსთან” და “ინტერთან” ერთად იმარჯვა;
  • “ჩელსის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია. 19 წლის ასაკში, ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა;
  • “რეალში” მუშაობის დროს, მოურინიო “ატლეტიკოს” 9-ჯერ დაუპირისპირდა. პორტუგალიელის გაწვრთნილმა გუნდმა 8-ჯერ მოიგო და ერთხელ წააგო;
  • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 10 მატჩში “ატლეტიკომ” 5 გოლი გაუშვა, რაც საუკეთესო შედეგია;
  • “ატლეტიკომ” ბოლო 11 თამაშიდან 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. უკანასკნელ 4 შეხვედრაში სიმეონეს გუნდმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “ატლეტიკოს” 109 გოლი აქვს გატანილი. კლუბის რეკორდი, აქამდე, 107 გოლი იყო;
  • პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, “ატლეტიკომ” ყველაზე ცოტა, 22 გოლი გაუშვა. ამ მხრივ მე-2 ადგილზე მყოფ გუნდს 6 ბურთით მეტი აქვს გაშვებული;
  • “ჩელსიმ”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 35 მატჩში, 26 გოლი გაუშვა. ლონდონურ გუნდში მოურინიოს პირველად მისვლის დროს, “არისტოკრატებმა” მთელს ტურნირზე მხოლოდ 15 ბურთი გაუშვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, გაბი, ტიაგო, გარსია, კოკე, კოსტა, ვილია.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, კოული, ლუისი, ლემპარდი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, ტორესი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

0.162735