საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი, კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი მოედანს უბრუნდება.
ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 30 წლის მორაგბე საფრანგეთის “ფედერალ 1”-ის “ტულეში” ითამაშებს, რაც კლუბის საიტმა ოფიციალურად დაადასტურა.
ნატრიაშვილი რაგბის რუსთავში ეზიარა, უცხოური კარიერა კი რუმინეთში დაიწყო (2007-2011 წლები), რის შემდეგაც ექვსი თვით სამშობლოში დაბრუნდა და მერე საფრანგეთის თოპ 14-ის “ბრივს” მიაშურა, რის გამოც მსოფლიო თასის გამოტოვებაც მოუხდა. 2012-2013 წლების ირაკლიმ “ბრივთან” ერთად მეორე ელიტარულ დივიზიონ Pრო D2-ში გაატარა და 23 მატჩში 3 ლელო გაიტანა, მაგრამ ტრავმამ და ოპერაციამ ის მოედანს წელიწადზე მეტი ხნით ჩამოაშორა.
ნატრიაშვილს ეროვნული გუნდის მაისურით 39 თამაში აქვს ჩატარებული და 4 ლელო გაიტანა. მისი დებიუტი 2006 წელს უკრაინასთან შედგა, ჯერჯერობით ბოლო თამაში კი, 2013 წელს ბუქარესტში, რუმინეთთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ჰქონდა (9:9).