საქართველოს ნაკრებმა 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში რუმინეთი 22:9 დაამარცხა. ამით გუნდმა შეინარჩუნა ორივე თასი - “ერთა თასი” და “ანთიმოზ ივერიელის თასი”, მოფლიო თასზე მოხვდა სასურველ ჯგუფში, ნოემბერში დაიმსახურა აწ უკვე ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიასთან “ავივა სტედიუმზე” თამაშის უფლება, მანამდე კი,მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ლინ ჰაულესი: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჯამში 30 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ და ამან მის მსვლელობაზე და შედეგზე გავლენა იქონია. თქვენ დამსახურებულად გაიმარჯვეთ და მე, როგორც რუმინელთა მწვრთნელი, იმედგაცრუებული ვარ. ჩვენთვის უმთავრესი მიზანი მსოფლიო თასზე მოხვედრა იყო, საქართველოსთვის იქ პირველი ადგილით გასვლა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ C ჯგუფი უფრო იოლია. ორივე ჯგუფიდან მიღწევადია 12 საუკეთესოს შორის მოხვედრა, რაც მომავალ მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლის ტოლფასია.
ვფიქრობ, ჩვენმა შერკინებამ საქართველოსას სათანადო წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბურთი ვერ შევინარჩუნეთ და ამის გამო დავმარცხდით. ერთა თასს არ ვაკნინებ, მაგრამ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებმა, განვითარებისთვის რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა ჩაატარონ ძლიერ ქვეყნებთან. ნუ იქნებიან ისინი პირველი დონის ნაკრებები, მაგრამ თუნდაც სამოასთან, ფიჯისთან და ტონგასთან რეგულარული თამაში, ძალიან მნიშვნელოვანია”.
მილტონ ჰეიგი: “მარტო მორაგბეები კი არა, მთელი მენეჯმენტიც დაძაბულები ვიყავით და თამაშიც ნერვიულად დავიწყეთ. სწორედ ამის ბრალი იყო საწყის წუთებში მიღებული ჯარიმები, მაგრამ 17 წუთის შემდეგ დავმშვიდდით და ხარისხიც გამოვასწორეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუმინეთს ძლიერი ნაკრები ჰყავს გამორჩეული შერკინებით და ამ კომპონენტში მათთან უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ, თუმცა, სხვა მეთოდებით ვძლიეთ მეტოქეს. მსოფლიო თასამდე დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ჩემთვის, როგორც ზელანდიელისთვის, უფრო დიდი განცდაა “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ თამაში. ახლა ჯერ გავიხარებთ, ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ და მერე მზადებას შევუდგებით.
ინგლისში მიზანი ორი თამაშის მოგება იქნება. არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ საქართველომ რამდენიმე თამაში ჩაატარა, მათ შორის ჩემი ხელმძღვანელობით, ივნისში და ვფიქრობ, ურიგოდ არ გვითამაშია. კარგად ვიცი რას წარმოადგენს ტონგას ნაკრები და მათი დამარცხება სავსებით შესაძლებელია. წინ თბილისის შანსი გველის და იქ ბევრს მიეცემა თავისი შესაძლებლობების წარმოჩინების შანსი. თოდუა, ხინჩაგიშვილი, ჟღენტი - ჩვენ დაახლოებით 40-კაციანი სია გვაქვს და ყველას მოუწევს თამაში. მინდა აღვნიშნო გულშემატკივარის როლი, რომლებმაც განსაკუთრებით დასკვნით 20 წუთში დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს და მათ მიმართ მადლიერების გამოსახატად სიტყვები საკმარისი არაა”.
ირაკლი მაჩხანელი: “საფინალო სასტვენის შემდეგ ძალიან გახარებულები ვიყავით. უნდა ვაღიაროთ, მძიმე კვირა გვქონდა და ესპანეთში დაშვებული შეცდომების შემდეგ, ყველანი ვნერვიულობდით. ჩვენ გვქონდა იმის პრეტენზია, რომ ევროპის მეშვიდე გუნდი ვყოფილიყავით და ვფიქრობ, ფინალის მოგებით ყველა იმედები გავამართლეთ. ჩვენი გუნდი გაიზარდა და ეს მოგება კარგია მომავალი თაობებისთვისაც”.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მეხუთე რაუნდი
15 მარტი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 27 000 მაყურებელი
საქართველო - რუმინეთი 22:9 (16:9)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ლაშა მალაღურაძე 61), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე (22. თედო ზიბზიბაძე 57), 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 70); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ანტონ ფეიქრიშვილი 57), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 52), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 57), 4. კოტე მიქაუტაძე (19. გიორგი ნემსაძე 61), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე 67), 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
1 ლელო: ზირაქაშვილი
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
5 ჯარიმა: კვირიკაშვილი (4), მალაღურაძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მადალინ ლემნარუ (23. კრისტიან დინიში 70), 13. ქსაბა გალი, 12. რობერტ დესკალუ (22. ფლორინ სურუჯუ 61), 11. იონუც დუმიტრუ (21. დორინ მანოლე 52), 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ვალენტინ კალაფეტიანუ; 1. მიჰაიტა ლაზარი (17. ანდრეი ურსაჩე 61), 2. ანდრეი რადოი (16. ეუჯინ კაპაცინა 74), 3. პაულიცა იონი (18. ჰორაციუ პუნგეა 74), 4. მარიუს სირბე, 5. ვალენტინ პოპირლანი, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. სტელიან ბურკეა.
არ შესულან: 19. კრისტიან მუნტეანუ, 20. ვლად ნისტორი.
3 ჯარიმა: ვლაიკუ
3 სინბინი: გალი, ლუკაჩი, კალაფეტეანუ
პორტუგალია - ესპანეთი 24:28
ბელგია - რუსეთი 20:34
1. | საქართველო | 10 | 9 | 1 | 0 | 286:106 | 41 | |
2. | რუმინეთი | 10 | 8 | 1 | 1 | 242:106 | 38 | |
3. | რუსეთი | 10 | 6 | 0 | 4 | 219:249 | 28 | |
4. | ესპანეთი | 10 | 2 | 2 | 6 | 159:243 | 15 | |
5. | პორტუგალია | 10 | 2 | 1 | 7 | 145:222 | 12 | |
6. | ბელგია | 10 | 0 | 1 | 9 | 134:259 | 6 |