ფეხბურთი

12:03 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” ვერატის შეძენას ცდილობს

პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტი ჟურნალისტებს შეხვდა და საკუთარი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პარიზულ გრანდთან შეთანხმება ჯერაც მიუღწეველია, 20 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების არაერთი ალტერნატიული ვარიანტი აქვს და შორის “ნაპოლის” ვარიანტიცაა.

“შეთანხმებისგან ჯერაც ძალიან შორს ვართ. მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ. პსჟ-სთან საუბარს გავაგრძელებთ, თუმცა, მაინცდამაინც ოპტიმიზმით ამ საკითხს არ ვუყურებ. მარკოს საკუთარ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა, არაერთი ალტერნატივა გვაქვს. თუნდაც ის, რომ დღეს დილით უზარმაზარი წინადადება მივიღეთ “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან. ამ საკითხთან დაკავშირებით პსჟ-ს თავკაცებს მომავალ კვირაში შევხვდები. მანამდე მარკოს და მისი ოჯახის წევრებს უნდა ვესაუბრო და ვნახოთ რა იქნება”, - განაცხადა ვერატის აგენტმა.

“ნაპოლის” გარდა 20 წლის ფეხბურთელის შეძენა “იუვენტუსსა” და “ფიორენტინასაც” სურთ.

0.124604