საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სრული შემადგენლობით ჩავა. მეშვიდე ლიცენზია დღეს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილმა აიღო. ახალგაზრდა ქართველმა ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი და 72 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ანალოგიური შედეგით ჩაამთავრა ტურნირი ამირან პაპინაშვილმაც (60 კგ).
უფროსთა ნაკრებში წლეულს დამკვიდრებული ლაშა შავდათუაშვილისთვის, რუსეთში გამგზავრებამდე უმთავრესი ამოცანა იყო, უშუალო კონკურენტზე – ლატვიელ დენის კოზლოვსზე უკეთესი შედეგი ეჩვენებინა. მიზნის მისაღწევად მეოთხედფინალში გასვლაც ეყო, რადგან კოზლოვსი მერვედფინალში ჩარჩა. თუმცა ევროტატამზე ქართველმა ისე ყოჩაღად იჭიდავა, საწყის ეტაპებზევე ნათელი გახდა, რომ არათუ ლიცენზიის, ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო. მეოთხედფინალამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა: გამოცდილი სომეხი არმენ ნაზარიანი და უკრაინელი სერგეი დრებოტი. ნაზარიანს ორი გაფრთხილებით გასცდა, ხოლო დრებოტი ორ წუთში დასცა ბეჭებზე. ეს ძირითად ბადეში მოპოვებული ბოლო გამარჯვება აღმოჩნდა - მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსან ალიმ გადანოვთან დაპირისპირების შემდეგ შავდათუაშვილს რეპეშაჟში გადართვა მოუხდა. მარცხის მიზეზი კი არა რუსი ძიუდოისტის რეალური უპირატესობა, არამედ ტატამის მსაჯის არაობიექტური გადაწყვეტილებები აღმოჩნდა. მასპინძელთა გულის მოსაგებად შემართულმა მსაჯმა ქართველი ძიუდოისტი ოთხჯერ გააფრთხილა და გამარჯვებულად რუსი გამოაცხადა. არადა თუ ვინმე შიდოს იმსახურებდა, ეს მეტოქესთან შედარებით პასიური გადანოვი იყო. სამწუხაროდ, ეს უსამართლობა ერთადერთი არ ყოფილა. იმავე გადანოვს და 60 კილოგრამში მოჭიდავე ბესლან მუდრანოვს კიდევ არაერთხელ წაეხმარნენ და მათ გაჩემპიონებაში ლომის წილიც დაიდეს.
დამამშვიდებელ ეტაპზე ლაშა შავდათუაშვილმა ესპანელი სუგოი ურიარტე და ფრანგი დავიდ ლაროში დაამარცხა და უფროსთა ნაკრებში ევროდებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა.
ამირან პაპინაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ბესლან მუდრანოვთან წაგებით. იქამდე ქართველმა მსუბუქწონოსანმა სლოვენიელი მატიაჟ ტრბოვჩი, ებრაელი არტიომ არშანსკი და ჰოლანდიელი ხეროენ მუურენი იპონ-იპონ ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი ტიტულოვანი ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი წმინდადვე დაამარცხა.
პაპინაშვილთან დაჭიდებამდე პაიშერმა 60 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველს, შარშანდელი ევროპირველობის ვერცხლის პრიზიორ ბეთქილ შუკვანს მოუგო და ამჯერად მეშვიდე ადგილს დააჯერა. ძირითად ბადეში კი შუკვანმა რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძისა და ესტონეთის სახელით მოჭიდავე ელნურ ალიევის ძლევის შემდეგ თავისთვის არც თუ უხერხულ მეტოქესთან, სომეხ ჰოვანეს დავთიანთან წააგო. ცოტა ხანში დავთიანმა გულშემატკივრებს მორიგი სიურპრიზი შესთავაზა – ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში უკრაინის სახელით მოჭიდავე უხვტიტულა ქართველს, გიორგი ზანთარაიას აჯობა.
მეშვიდე ადგილი იკმარა შალვა ქარდავამაც (66 კგ). არადა ძირითად ბადეში გამოსვლა მანაც ბრწყინვალედ დაიწყო - რუსთა ჯილას, კამილ ხან მაგომედოვს და აზერბაიჯანელ ტარლან კარიმოვს ვაზარით გასცდა. მეოთხედფინალში ფრანგ დევიდ ლაროშს იუკოს უგებდა და საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე იპონზე დავარდა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან ასევე წმინდად წააგო.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ) იჭიდავებენ.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჩელიაბინსკი
26 აპრილი
60 კგ
1. ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
2. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3. ხეროენ მუურენი (ჰოლანდია)
7. ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
66 კგ
1. ალიმ გადანოვი (რუსეთი)
2. ტომაშ კოვალსკი (პოლონეთი)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3. როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
7. შალვა ქარდავა (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







