ფეხბურთი

21:18 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების მსუბუქი ვარჯიში

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ვარჯიში 18 საათზე დაიწყო. ღია ვარჯიში იყო, თუმცა თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანის გარდა, არავინ დასწრებია – იყვნენ ჟურნალისტები და რამდენიმე ფეხბურთელის ოჯახის წევრები.

წვრთნამ ცოტა ხანს, 40-45 წუთს გასტანა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა და ორკარაც არ უთამაშიათ. "კვადრატები" გაჩაღდა და თემურ ქეცბაიაც თამაშობდა. შემდეგ იყო მოკლე და საშუალო მანძილებზე პასები ორ ფეხბურთელს შორის, მოკლე მანძილზე სირბილი.

ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. შეგახსენებთ, რომ ფინეთთან გიორგი ლორია ვერ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიკაცია აქვს.

აქვე, ლადო დვალიშვილის გაკეთებული კომენტარი:  

- ფრანგებთან ბოლოს ვითამაშე რამდენიმე წუთით. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის ათამაშებს. პარასკევს კარგი მატჩი ჩავატარეთ და ფინეთთან ყველა გამარჯვებას ელის. იოლი შეხვედრა არ იქნება, რადგან ფინელებსაც სურთ მესამე ადგილზე გასვლა. ხვალ თუ მოვიგებთ და მესამეზე გავალთ, ეს წარმატება იქნება, რადგან ჯგუფში ესპანეთი და საფრანგეთი გვყავს.

...რაც შეეხება საკლუბო ამბებს, საწყენია, რომ "ლეგიას" მწვრთნელმა "სტიაუასთან" გადამწყვეტ მატჩში არ მათამაშა. ძალიან დამწყდა გული. ყველას გვსურდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გვეთამაშა, მაგრამ ევროპის ლიგით დავკმაყოფილდებით. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა მწვრთნელთან მიმართებაში, "სტიაუას" შემდეგ, 90 წუთი მათამაშა.

...შეხსენებისთვის, საქართველო-ფინეთი სამშაბათს 21 საათზე დაიწყება "დინამო არენაზე".

0.122402