ჭიდაობა

16:07 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების კანდიდატები სომხურ ხალიჩაზე გავლენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში შეტანილი ერთადერთი საერთაშორისო ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3-4 აგვისტოს სომხეთის ქალაქ ვანაძორში მსოფლიოს ჩემპიონ სტეფან სარგისიანის მემორიალი გაიმართება და ხალიჩაზე 12 ქართველი გავა.

მინდორაშვილმა სომხური განაცხადი ნაკრების უმთავრესი კანდიდატებით შეავსო. ერთადერთი დანაკლისი გენო პეტრიაშვილია (120 კგ). ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა მძიმეწონოსანმა წლეულს ახალგაზრდებში მოიგო კონტინენტის პირველობა და ამჯერადაც იმავე ასაკობრივი ჯგუფის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (13-18 აგვისტო. სოფია) ემზადება. სომხურ ტურნირზე მისი ჭიდაობა სწორედ ამ მიზეზით გამოირიცხა, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ უფროსების მსოფლიოს პირველობაზეც სწორედ პეტრიაშვილი გაემგზავრება.

ვანაძორში მძიმე წონაში ხალიჩაზე ოლიმპიური თამაშების ფინალისტი დავით მოძმანაშვილი და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი დავით საკანდელიძე გავლენ. 66, 74, 84 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც ორ-ორი ქართველი ჩაერთვება საქმეში. ორ უმსუბუქეს წონაში კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არჩევანი თითო შეგირდზე შეაჩერა – 55 კილოგრამში ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი იჭიდავებს, 60-ში – ოლიმპიადის და ევროპის ვიცეჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

სომხური ტურნირიდან დაბრუნებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საქართველოში ორ შეკრებას გაივლიან. მსოფლიოს ჩემპიონატი კი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გაიმართება.

 

ვანაძორი. 3-4 აგვისტო

საქართველოს ნაკრები

 

55 კგ – გიორგი ედიშერაშვილი

60 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

66 კგ – ლევან ქელეხსაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი

74 კგ – იაკობ მაქარაშვილი და გიორგი სანოძე

84 კგ – დავით მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი

96 კგ – დავით ქერაშვილი და ომარ გუსოშვილი

120 კგ – გიორგი საკანდელიძე და დავით მოძმანაშვილი 


 

0.116055