სტატიები

14:43 | 15.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნაევროპალზე

(წერილი მესამე)
 
ნებისმიერ საფეხბურთო ფორუმს საკუთარი სტატისტიკა გააჩნია, რომლის მიხედვითაც სვამენ ამა თუ იმ დიაგნოზს - რომელი გუნდი გამოირჩა, რომელმა გუნდმა ვერ გაამართლა პროგნოზები, რამ განაპირობა ერთის წარმატება და რამ შეუშალა ხელი მეორეს, შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაში.
ამ წერილში არ მოვყვები ისეთი მაჩვენებლების დათვლას, რომლებიც ისედაც თვალსაჩინოა. გატანილი და მიღებული ბურთები, ყვითელი და წითელი ბარათები, კუთხურები, ჯარიმები, სხვა მსგავსი მახასიათებლები, რასაკვირველია თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მადლობა ღმერთს, თანამედროვე გულშემატკივარმა თავადაც დიდებულად იცის, სად და როგორ მოიძიოს ამა თუ მატჩისა თუ გუნდის სტატისტიკა. უნდა აღინიშნოს მხოლოდ ის ამბავი, რომ ჩემპიონატი, შედეგიანობის თვალსაზრისით, პროზაულად საშუალო გამოვიდა - ესპანელების ორ, ოთხბურთიან „გაჭრას“ თუ არ გავითვალისწინებთ, ირლანდიელებისა და იტალიელების წინააღმდეგ.
სამაგიეროდ, უთუოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინგლისმა და საბერძნეთმა მეტოქის კარში დარტყმული ყოველი მე-3 ბურთი გოლად აქციეს. თუკი გავითვალისწინებთ, რამდენი გოლი გაიტანეს საბოლოოდ ერთმაც და მეორემაც, აშკარაა, რომ მეტოქეთა დაცვა მაინცდამაინც დიდ წნეხში არცერთს ჰყოლია.
ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტად „მფლანგავი“ საფრანგეთის ნაკრები გამოდგა - „მამლებს“ გოლის გასატანად საშუალოდ 12 დარტყმა სჭირდებოდათ. სხვაგვარად, მათი დარტყმების ეფექტურობა მხოლოდ 8.3 პროცენტი გამოდგა. თუკი ფრანგებისა და ბერძნების ჯგუფური ეტაპის მაჩვენებლებს შევადარებთ, გამოვა, რომ 3 გოლის გასატანად ბერძნებს 9 დარტყმა დასჭირდათ, ფრანგებს კი - 36. როგორც იტყვიან, ციფრები თავად ღაღადებენ ყველაფერზე.
ცალკე საკითხია ის, რომ ფრანგებს კასილიასის კარში 12 დარტყმის განხორციელება აღარ დაანებეს...
სხვათა შორის, ფრანგებს ეკუთვნით კიდევ ერთი გამორჩეული მაჩვენებელი - მათ შვედებთან დაპირისპირებისას მეტოქეებს 24-ჯერ დაურტყეს.
დაითვალეს, რომ ბურთს საშუალოდ ყველაზე დიდხანს ესპანეთი ფლობდა, ყველაზე მოძრავი, მობილური გუნდი გერმანია გამოდგა და ყველაზე მეტად რეგრესირებად ნაკრებად კი არა ჰოლანდია ან ირლანდია, ჩვენი მეზობელი რუსეთი შერაცხეს.
რუსების უნიათობაზე ლაპარაკი არც ამ სტატიის მიზანია და შორსაც წაგვიყვანს, მაგრამ როგორც მოსწრებულად აღნიშნეს, ისინი პრემიერ-მინისტრის უფლებებით აღჭურვილმა არშავინმა „დაღუპა“ - თურმე, ეს პატივცემული ხეირიანად არ ვარჯიშობდა, ადვოკაატის „რაზბორკების“ დროს მობილურზე საუბრობდა და ნებისმიერი ვარჯიშის დროს შეეძლო მოულოდნელად მინდორზე წამოგორებულიყო და ოფლისღვრა აღარ გაეგრძელებინა.
ახლა კი ყველაზე მთავარზე.
წლების წინათ, ჟურნალისტების წინაშე მოთამაშეთა ტექნიკურ-ტაქტიკურ მოქმედებების მახასიათებელზე პირველმა გაიოზ დარსაძემ ისაუბრა. იგი იმხანად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და ჩვენში „ტტდ-დ“ წოდებული ეს მაჩვენებელი ნაკრებში მიწვეული ახალბედა ფეხბურთელების დონის დასადასტურებლად დასჭირდა. როგორც მაშინ გაიოზმა გვითხრა, გიორგი განუგრავას „ტტდ“ მხოლოდ კალაძისას და კობიაშვილისას ჩამორჩებოდა.
„ტტდ“ რუსულია (ტეხნიკო-ტაკტიჩესკიე დეისტვია) და მიუხედავად იმისა, საფეხბურთო საქართველოში სწორედ მას იყენებენ, სტატიაში ქართულ „ტტმ-ს“ ვიხმარ („ტტმ“ - ტექნიკურ ტაქტიკური მოქმედებები).
პოპულარულ ენაზე ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედების მაჩვენებელი მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელსაც კონკრეტული ფეხბურთელი ასრულებს მინდორზე - დაწყებული პასიდან, დარტყმიდან, ორთაბრძოლიდან დამთავრებული მინდორზე გადაადგილებით.
ითვლიან ყველა ამ მოქმედებას და გამოჰყავთ პროცენტი ზუსტი ან არაზუსტი მოქმედებების შეფარდების საფუძველზე.
მოდით, ფინალური მატჩის მონაწილე გუნდებისა და ფეხბურთელების მაგალითზე განვიხილოთ, თუ ვინ ვის სჯობდა ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლით და შესაბამისად, სხვა კითხვასაც გაეცემა პასუხი - თუ რატომ ანიჭებს სპეციალისტების დიდი ნაწილი ტტმ-ს ამხელა მნიშვნელობას.
თავდაპირველად, ზოგადი კლასიფიკაცია:
განაპირა მცველის საშუალო მაჩვენებელი 100-ზე მეტი ტექნიკური ან ტაქტიკური მოქმედება უნდა იყოს. დასაშვები მაქსიმალური წუნი 18 პროცენტია.
ცენტრალური მცველი მატჩის განმავლობაში 90-დან 120-მდე მოქმედებას უნდა ასრულებდეს, მაქსიმალური წუნით 16 პროცენტი.
საყრდენი ნახევარმცველი - 120 და მეტი „ტტმ“ – 18-პროცენტიანი წუნით.
ცენტრალური ნახევარმცველი - 140 და მეტი მოქმედება 14-პროცენტიანი წუნით.
თავდამსხმელი - 70 და მეტი ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედება 25-პროცენტიანი წუნით.
„ბარსელონას“ ვერც ამ წერილში ავუვლით გვერდს, რაკიღა „ტტმ-ს“ მინიმალური გუნდური დონე ყველაზე მაღალი სწორედ კატალონიელებსა აქვთ და იგი საშუალოდ მატჩში 900 ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედების ტოლია.
საკლუბო დონეზე რეკორდული მაჩვენებლები ჩემპიონთა ლიგის იმ ფინალში დაფიქსირდა, სადაც „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეხვდნენ. „ტტმ-ს“ მიხედვით:
მესი - 165 ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედება 11.5-პროცენტიანი წუნით;
ჩავი - 184 მოქმედება 6.5 (!)-პროცენტიანი წუნით;
ბუსკეტსი - 124 მოქმედება 16.1-პროცენტიანი წუნით;
მთლიანად გუნდის მაჩვენებელი იმ მატჩში 1165 „ტტმ“ იყო - 14.3-პროცენტიანი წუნით.
ახლა კი ევრო-2012-ის ფინალური მატჩის მონაწილეებზეც...
ფეხბურთელების გვარების გასწვრივ შესაბამისად მივუთითებ:
1 - ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებების რაოდენობა
2 - წუნი
3 - წუნი პროცენტულად
4 - საშუალო შეფასება (ხუთბალიანი სისტემით)
 
ესპანეთი


არბელოა 86 – 22 – 25.5 – 4
პიკე 49 – 12 – 24.4 – 4 (ყვითელი ბარათი)
რამოსი 71 – 15 – 21.1 – 5
ალბა 125 – 15 – 12.0 – 5
ბუსკეტსი 78 – 11 – 14.1 – 5
ალონსო 105 – 19 – 18.0 – 5
ჩავი 126 - 14 - 11.1 – 5 (ორი საგოლე პასი)
ინიესტა 114 – 19 – 16.6 – 5
ფაბრეგასი 63 – 22 – 34.9 – 4 (ითამაშა 75 წთ. ორი საგოლე პასი)
სილვა 63 – 19 – 30.1 – 4 (56 წთ. გოლი)
პედრო 35 – 13 – 37.1 – 3 (31 წთ.)
ტორესი 13 – 6 – 46.1 – 5 (15 წთ. გოლი, საგოლე პასი)
მატა 9 – 1 -11.1 – 5 (3 წთ. გოლი)
მთლიანად გუნდი 937 – 188 – 20.0...
 
იტალია

აბატე 83 – 22 – 26.5 – 3
ბარძალი 116 -29 – 25.0 – 2 (ყვითელი ბარათი)
ბონუჩი 88 – 16 – 18.1 – 3
კიელინი 25 – 11 – 44.0 (22წთ.)
ბალცარეტი 70 – 14 – 20.0 – 3 (78 წთ.)
მარკიზიო 45 – 20 – 44.0 – 1
მონტოლივო 62 – 18 – 29.0 – 3 (57 წთ.)
დე როსი 94 – 24 – 25.5 – 3
პირლო 99 – 31 – 31.1 – 2
ბალოტელი 61 – 31 – 50.8 – 1
კასანო 26 – 11 – 45.8 – 2 (45 წთ.)
დი ნატალე 20 – 8 – 40.0 – 2 (45 წთ.)
ტიაგო მოტა 3 – 1 – 33.3 - შეფასების გარეშე (3 წთ.)
გუნდი მთლიანად 792 – 231 – 29.7

აი, ასე დათვალეს და შეაფასეს საბოლოოდ სპეციალისტებმა ფინალური მატჩის მონაწილეები. ვფიქრობ, ბევრის მთქმელი რიცხვებია. ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე კი შორი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ საინტერესოა, ჩვენი ნაკრებისა და კლუბების მოთამაშეთა მაჩვენებლებიც...
 

 

კონსტანტინე გოგიშვილი

 

0.134478