ჩოგბურთი

0:52 | 1.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა თიხნარზე მე-200 გამარჯვება მიითვალა

კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანმა რაფაელ ნადალმა როლან გაროს მერვედფინალში ბრაზილიელ ტომაზ ბელუჩის სძლია და თავის სათულფე საფარზე მე-200 გამარჯვება მიითვალა.
თიხნარის მეფემ, რომელსაც 3 ივნისს 24 წელი შეუსრულდება, 2 წლით უმცროს და 27 ადგილით ქვემდგომ, მისებრ ცაცია მეტოქეს ორ საათსა და 33 წუთში 6:2 7:5 6:4 აჯობა.
პირველი სეტის “მუქთად” დათმობის შემდეგ ბელუჩიმ რაფას ფიცხელი ბრძოლა გაუმართა და მომდევნო სეტებში 4-ჯერ მისი გეიმის აღებაც შეძლო, თუმცა ტურნირის 4-გზის – 2005-08 – წლების გამარჯვებულს მატჩის სადავეები ხელიდან არც ერთხელ არ გაუშვია.
ეს როლან გაროზე მის მიერ (ერთი მარცხის წილ) მოხვეჭილი უკვე 35-ე გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რაფას უწყვეტ 4-წლიან ზეობას იქ წერტილი შარშან მეოთხე წრეში შვედმა რობინ სოდერლინგმა დაუსვა, რომელმაც შემდეგ ფინალსაც მიატანა, სადაც შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დათმო.
ფედერერი და სოდერლინგი სამშაბათს ერთმანეთს შარშანდელი ფინალის რემატჩში დაუპირისპირდებიან, ნადალის მეტოქე კი მეოთხედფინალში მისი თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო (#19) იქნება.
ალმაგრომ მოულოდნელად და ძალზე დამაჯერებლად – 2 საათსა და 12 წუთში – აჯობა კიდევ ერთ ესპანელს, მე-7 ნომრად განთესილ ფერნანდო ვერდასკოს 6:1 4:6 6:1 6:4. ამ უკანასკნელმა, რომლისთვის ეს წლეულს უკვე 43-ე შეხვედრა გახლდათ, ვერაფერი გააწყო 24 წლის თვისტომის უმძლავრესი ხელწაღმის წინააღმდეგ.
ალმაგრომ მეორედ უწია როლან გაროს უკანასკნელ “რვეულს”. რაფასთან მას აქამდე 6 შეხვედრა გაუმართავს და 6-ჯერვე ძლეულა. ბოლოჯერ მათი გზები რამდენიმე კვირის მადრიდის მასტერსთიხნარობის ფინალში გადაიკვეთა და რაფამ მაშინ 4:6 6:2 6:2 იმარჯვა.
ცნობისათვის: ნადალი ცდილობს, გახდეს მეორე მეჩოგნე ბიორნ ბორგის შემდეგ, რომელსაც როლან გარო, სულ მცირე, 5-ჯერ მოუგია. დიადმა შვედმა იქ 1974-75 და 1978-81 წლებში იჩემპიონა.
დანარჩენ ორ მერვედფინალში:
მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელი რობი ჯინეპრი დაჯაბნა 6:4 2:6 6:1 6:2 და ახლა თავის მესამე იქაურ ნახევარფინალში გასასვლელად 29 წლის ავსტრიელ იურგენ მელცერს შეერკინება. მელცერი, რომელმაც დიდი მუზარადის ტურნირებზე პირველად მიაღწია მერვედფინალურ ეტაპს, თავის მხრივ, თეიმურაზ გაბაშვილს გასცდა 7:6 (8:6) 4:6 6:1 6:4.
რაც შეეხება ქალებს:
მსოფლიო რეიტინგის პირველოსანმა და ტურნირის 2002 წლის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა იოლად, 6:2 6:2 დაამარცხა ებრაელი შაჰარ პეერი (#18) და მეოთხედფინალში სამანტა სტოზურს (#7) დაუპირისპირდება. შარშანდელმა ნახევარფინალისტმა ტურნირს 4-გზის – 2003, 2005, 2006-07 წლების – ჩემპიონი, ბელგიელი ჟუსტინ ენენი გამოთიშა 2:6 6:1 6:4. ენენს, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობას 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, იქ 24-მოგებიანი სერია შეუწყდა; სტოზურმა კი წლეულს თიხნარზე მე-18 გამარჯვება მოიპოვა, რაც ქალთა დასში საუკეთესო მაჩვენებელია.
სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას (#23) 6:4 6:2 მოუგო და მეოთხედფინალში დაბინავდა ამქრის ყოფილი პირველოსანი და როლან გაროს ორგზის – 2007-08 წლების – ნახევარფინალისტი ელენა იანკოვიჩი. მისი მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 36-ეადგილოსანი ყაზახი იაროსლავა შვედოვა იქნება, ვინაც ავსტრალიელ ჯარმილა გროთს აღემატა 6:4 6:3. შეგახსენებთ, რომ იანკოვიჩს დიდი მუზარადის ტურნირებზე ჯერ ვერც ერთი ტიტული ვერ მოუნაგრავს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162064