რაფაელ ნადალმა ინდიან უელსის მაგარსაფრობაზე შარშან მოხვეჭილი ტიტულის დაცვა შაბათს მეორე წრეში რაინერ შიუტლერის ძლევით დაიწყო.
23 წლის ესპანელმა, ვისაც მსოფლიო რეიტინგსიაში ახლა მხოლოდ მე-3 ადგილი უკავია, 10 წლით უფროს და 87 ადგილით ქვემდგომ გერმანელს 6:4 6:4 სძლია.
ეს რაფას პირველი მატჩში გახლდათ წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ. შეგახსენებთ, მელბურნში მან მუხლის ტრავმა მიიღო და მთელი თებერვალიც სწორედ მის მოშუშებას მოანდომა.
მომდევნო წრეში ის ხორვატ მარიო ანჩიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც ფრანგ ჟულიენ ბენეტოს მოუგო 4:6 7:6 (7:5) 6:3.
სხვაფრივ:
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (#2) 2008 წლის ფინალის რემატჩში ამერიკელი მარდი ფიში დაჯაბნა 6:1 0:6 6:2 და ახლა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება, რუსი ნიკალაი დავიდენკო (#5) კი ლატვიელ ერნესტს გულბისს გასცდა 6:4 6:4 და მესამე წრეში სერბ ვიკტორ ტროიცკისთან იპაექრებს.
კაცთა ტურნირზე დღის მთავარ მოულოდნელობად იქცა წლევანდელი ავსტრალიობის ნახევარფინალისტის, მე-8 ნომრად განთესილ სერბ მარინ ჩილიჩის მარცხი – მან ესპანელ გილერმო გარსია-ლოპესთან დათმო 6:7 (1:7) 0:6.
რაც შეეხება ქალთა შეჯიბრებას, აქ ჩოგნის დაშალითება სულაც ტურნირის პირველოსან სვეტლანა კუზნეცოვას მოუხდა. სახელიანი რუსი ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ გააგდო 6:4 4:6 6:1.







