კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა რაფაელ ნადალმა მონტე კარლოს მასტერსთიხნარობაზე მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა.
23 წლის მალიორკელმა, ვინაც იქ თავის ზედიზედ მეექვსე ტიტულისთვის იბრძვის, მერვედფინალში გერმანელი მიხაელ ბერერი 55 წუთში – 6:0 6:1 – გაანადგურა.
შეგახსენებთ, წინა დღეს რაფამ ასევე მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო (6:1 6:0) იუნიორთა შორის მსოფლიოს ყოფილ ჰოლანდიელ პირველოსან ტიემო დე ბაკერს.
როგორც სტატისტიკოსებმა გამოჩხრიკეს, ნადალის პროფესიულ კარიერაში, რომელიც უკვე 514 მატჩს მოითვლის (417:95), ეს პირველად მოხდა, რომ მან გეიმებით 12:1 ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო.
ახლა ის 7 წლით უფროს თანამემამულესთან, ამქრის ყოფილ პირველოსანსა და ამ ტურნირის ორგზის – 2002-03 წლების – ჩემპიონ ხუან კარლოს ფერეროსთან (#9) იპაექრებს.
ფერერომ, რომელსც მსოფლიო რეიტინგში ახლა მე-16 საფეხური უკავია, დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელთა უკანასკნელ იმედს, ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:1 3:6 7:5 აჯობა.
ეს წლეულს თიხნარზე (1 მარცხის წილ) მისი მე-17 გამარჯვება გახლდათ – ევროპის სათიხნარო სეზონამდე ფერერომ ამ საფარზე სამხრეთ ამერიკაში იასპარეზა და ორგან – ბუენოს აირესსა და კოშტა დუ საუიპეში – ტიტულსაც დაეუფლა.
ის და რაფა ერთმანეთს 8-ჯერ დაპირისპირებიან და უპირატესობა უკანასკნელის მხარეზეა – 6:2.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად მეოთხედფინალში კიდევ სამი ესპანელი გავიდა. ამათგან ორი – ფერნანდო ვერდასკო (#6) და ალბერტ მონტანესი – ასევე ერთმანეთში იდავებს, ხოლო მესამე – დავიდ ფერერი (#11) – გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება.
მონტანესმა მე-4 ნომრად განთესილი ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა 6:4 6:4, ვერდასკომ – ჩეხი ტომაშ ბერდიხი (#10) 5:7 6:3 6:2, ფერერმა – ხორვატი ივან ლიუბიჩიჩი (#8) 6:0 7:6 (7:4), ხოლო კოლშრაიბერი თვისტომ ფილიპ პეცშნერს გაუსწორდა 6:3 6:4.
კიდევ ერთმა ესპანელმა – ტომი რობრედომ (#12) – ვერაფერი გააწყო დავიდ ნალბანდიანთან 3:6 4:6. ახლა არგენტინელი, რომელიც შარშან ბარძაყზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ კორტს მხოლოდ ორი თვის წინ დაუბრუნდა, ტურნირის შარშანდელ ფინალისტსა და წლევანდელ პირველნომროსანს, 22 წლის სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეეხლება. ჯოკოვიჩმა დამაჯერებლად დაჯაბნა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა 6:4 6:4.







