ჩოგბურთი

22:38 | 16.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა მონტე კარლოში ზედიზედ 30-ე გამარჯვება მიითვალა

კაცმეჩოგნეთა მსოფლიო ამქრის მესამეადგილოსანმა რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსთიხნარობის მეოთხედფინალში თანამემამულე ხუან კარლოს ფერეროს (#9) სძლია და ახლა ფინალში გასასვლელად კიდევ ერთ ესპანელს – დავიდ ფერერს (#11) შეერკინება.
23 წლის დიადმა მალიორკელმა, ვინაც იქ თავის ზედიზედ მეექვსე ტიტულზე ნადირობს, 7 წლით უფროს თვისტომს დამაჯერებლად – 6:4 6:2 – მოუგო.
ფერერომ, ტურნირის ორგზის – 2002-03 წლების – ჩემპიონმა, შეხვედრა რიგიანად დაიწყო და, სანამ ქარი და წვიმა მატჩს ნახევარი საათით შეაწყვეტინებდათ, 3:2 დაწინაურდა. მაგრამ პაუზის შემდეგ რაფა უფრო სწრაფად და აგრესიულად ათამაშდა, რის საწინააღმდეგოდაც ხუან კარლოსს საკმარისი არგუმენტები აღარ აღმოაჩნდა.
ნადალმა წლეულს 4 მარცხის წილ მე-19 მოგება მიითვალა, საკუთრივ მონტე კარლოში კი ეს მისი ზედიზედ 30-ე გამარჯვებაა.
რაც შეეხება ფერეროს, მან მიმდინარე სეზონში თიხნარზე 17 გამარჯვების წილ მე-2 მარცხი იგემა.
ეს მისი და ნადალის მე-9 დაპირისპირება გახლდათ და ამ უკანასკნელმა უპირატესობა უკვე 7:2-მდე გაზარდა.
რაფას მორიგი მეტოქე, როგორც თავშივე მოგახსენეთ, ფერერი იქნება, რომელმაც გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი დაჯაბნა 7:5 7:6 (7:1). რაფა დავიდს პირად დავაში 9:3 უგებს.
ბადის ზედა მხარეს კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა არგენტინელ დავიდ ნალბანდიანზე შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა და ახლა ნახევარფინალში გასულ მესამე ესპანელთან – ფერნანდო ვერდასკოსთან (#6) – იპაექრებს.
ვერდასკო თანამემამულე ალბერტ მონტანესს გასცდა 6:3 6:7 (4:7) 6:0. ფერნანდოს შეეძლო, შეხვედრა ორ სეტშივე დაესრულებინა, მაგრამ, მეორე ხელში 5:1 დაწინაურებულმა, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალებაც მისცა და მერე ტაიბრეიკიც დაუთმო.


 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160789