ჩოგბურთი

21:50 | 18.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა მონტე კარლოს ტურნირი ზედიზედ მეექვსედ მოიგო

კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა რაფაელ ნადალმა მონტე კარლოს მასტერსთიხნარობის ფინალში ფერნანდო ვერდასკო გაანადგურა და გახდა პირველი მეჩოგნე ღია პირველობათა ეპოქაში – ანუ 1968 წლიდან – ვინაც ზედიზედ ექვსჯერ შეძლო ერთი ტურნირის მოგება .
23 წლის დიადმა მალიორკელმა, ვისაც შარშანდელი მაისის შემდეგ არც ერთი ტიტული არ მოეხვეჭა, 3 წლით უფროს და 9 ადგილით ქვემდგომ თანამემამულეს 6:1 6:0 სძლია. ეს მათი მე-10 დაპირისპირება გახლდათ და რაფა ვერდასკოს პირად დავაში უკვე 10:0 უგებს.
მონტე კარლოში ჩატარებულ 5 შეხვედრაში ნადალმა მხოლოდ 14 (!) გეიმი დათმო, რითაც შარშან ბარსელონას თიხნარზე გაჩემპიონებისას ნაჩვენები პირადრეკორდული შედეგი 4-ით გააუმჯობესა – დიახ, მის მიერ მოგებული ტურნირის მსვლელობისას მას ასე ცოტა გეიმი აქამდე არასოდეს წაეგო!
რაფამ კარიერის 49-ე ფინალში ითამაშა და 37-ე ტიტული მოინაგრა. ის გახდა მეორე მეჩოგნე ინგლისელი რეჯი დოჰერტის (1897-99 და 1902-04 წლების წარმატებათა) შემდეგ, რომელმაც მონტე კარლოს ტურნირის 104-წლოვან ისტორიაში იქ ჯამში 6-ჯერ იმარჯვა.
გარდა ამისა, ამ მოგების შედეგად ის მასტერსის სერიის ტურნირებზე მოხვეჭილი ტიტულების რაოდენობით – 16 – შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა და ახლა ამ უკანასკნელთან ერთად ამ სერიის შეჯიბრებათა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მოთამაშეს – ამერიკელ ანდრე აგასის – ერთი ტიტულითღა ჩამორჩება.
თიხაზე მის მიერ მოგებულ ჯილდოთა რაოდენობამ კი უკვე 26-ს უწია. ამ საფარზე ყველაზე მეტის მომგებ მეჩოგნეთა ჩამონათვალში მას ჯერაც მე-7 საფეხური უკავია და სიის არგენტინელ პირველოსან გილერმო ვილასისგან 19 ტიტული აშორებს.
მონტე კარლოში ზედიზედ მეექვსედ გაჩემპიონებამ ის 434 ათასი ევროთი და 1000 სარეიტინგო ქულით ახეირა. თავის პირველ მასტერსფინალში გარჯილი ვერდასკოს მონაგარი 203 ათასს და 600 ქულას შეადგენს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091836