ჩოგბურთი

22:21 | 1.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა გულბისს უმძიმეს ბრძოლაში სძლია


რაფაელ ნადალმა რომის მასტერსთიხნარობის ნახევარფინალში 21 წლის ლატვიელ ერნესტს გულბისს უმძიმეს სამსაათიან ბრძოლაში სძლია.
კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა 37 ადგილით ქვემდგომ შეუპოვარ მეტოქეს 6:4 3:6 6:4 აჯობა.
გულბისმა, ვინაც მეორე წრეში ტურნირს ამქრის შვეიცარიელი ლიდერი როჯერ ფედერერი გამოთიშა, რაფას წინააღმდეგაც ბრწყინვალე თამაში აჩვენა. ის მთელი შეხვედრის განმავლობაში უშიშრად და მრავალფეროვნად უტევდა. საერთო ჯამში მან შედეგიანი დარტყმით 50 გათამაშება დააგვირგვინა, მაშინ როცა რაფას მაჩვენებელი მხოლოდ 17 ქულისმომტანი დარტყმა გახლდათ. ის საუცხოოდ აწვდიდა, საიმედოდ ურტყამდა უკანახაზიდან, დროულად ასრულებდა მოჭრილებს და ბადესთანაც რიგიანად ირჯებოდა და, მატჩის მიწურულს მეტი მოთმინება და სიზუსტე რომ გამოეჩინა, ეგებ ემარჯვა კიდეც. თუმცა ეს ტურნირი მისთვის ისედაც ძალზე წარმატებული გამოდგა – გარდა იმისა, რომ მასტერსის სერიის ტურნირებზე პირველად უწია ნახევარფინალს და თან გზად ფედერერიც დაამარცხა, მან ნადალს წლეულს თიხაზე პირველი სეტი დაათმობინა.
ეს იქნებ გასაკვირად არც მოგვეჩვენოს, თუ გავიხსენებთ, რომ მას რაფასთან აქამდე ნათამაშებ და წაგებულ ორ შეხვედრაშიც – 2008 წლის უიმბლდონსა და მადრიდის მასტერსზე – თითო-თითო სეტი ასევე მოეგო.
ნადალი კი ფინალში თანამემამულეს, დავიდ ფერერს შეხვდება, რომელმაც კიდევ ერთი ესპანელის, ფერნანდო ვერდასკოს საარაკო სვლას დაუსვა წერტილი – 7:5 6:3. ეს უკანასკნელი პირველ სეტში 5:1 იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო. ვერდასკოს, ვინაც წინის წინა კვირაში მონტე კარლოს ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ნადალთან დათმო, წინა კვირაში კი ბარსელონის ტურნირზე ტიტული მოიხვეჭა, ზედიზედ მესამე ფინალში გასასვლელად ძალები აღარ ეყო.
მსოფლიო რეიტინგის მე-17 საფეხურზე მდგარი ფერერისთვის ეს პირველი მასტერსფინალია და ის წლის მეორე, ხოლო კარიერის მე-9 ტიტულის მოხვეჭას ეცდება.
რაც შეეხება რაფას, მას შანსი აქვს, კარიერის 50-ე ფინალში 38-ე ტიტულს დაეუფლოს, ამასთან, ზედიზედ მესამედ და ჯამში მეხუთედ იმარჯვოს რომში, ხოლო მასტერსის სერიის ტურნირებზე თავისი მე-17 ტიტული მოიმკას და ამ მაჩვენებლით ამ სერიის ტურნირთა ისტორიაში ყველაზე ტიტულიან მეჩოგნეს – ამერიკელ ანდრე აგასის – გაუთანაბრდეს.
ნადალი და ფერერი ერთმანეთს მიმდინარე სეზონში ორჯერ, საერთოდ კი 13-ჯერ დაპირისპირებიან და რაფა დავიდს წლეულს 2:0, სულ კი 10:3 უგებს.

 

 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089211