კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა რაფაელ ნადალმა ინდიანუელსური მასტერსტურნირის მეოთხედფინალში ტომაშ ბერდიხს სძლია და ახლა ფინალის საგზურისთვის ივან ლიუბიჩიჩთან იდავებს.
23 წლის დიადმა ესპანელმა, ვინაც ტურნირის ორგზის – 2007 და 2009 წლების – გამარჯვებულია, მე-19 ნომრად განთესილ ჩეხს 6:4 7:6 (7:4) აჯობა.
იმის მიუხედავად, რომ რაფამ ორ სეტში მოიგო, ამ მოგებას იოლი მაინც არ ეთქმის – ბერდიხს მაგარსაფარზე ჩატარებულ მათ წინა 5 შეხვედრაში 3-ჯერ ემარჯვა და უბრძოლველად რაიმე არც ამ ჯერზე დაუთმია.
საერთო ჯამში კი ეს მათი მე-10 დაპირისპირება გახლდათ და ნადალი უკვე 7:3 დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ რაფას უკვე 10 თვეა, არანაირი ტიტული არ მოუგია. ბოლოჯერ მან 2009 წლის მაისში რომაულ მასტერსთიხნარობაზე იმარჯვა. წლეულს კი ის თავის მესამე ტურნირზე გამოდის. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობაზე მან მუხლის ტრავმა მიიღო და ინდიან უელსამდეც სწორედ ამის გამო იუქმა.
ნახევარფინალში მისი მეტოქე ივან ლიუბიჩიჩი იქნება. გამოცდილმა ხორვატმა, რომელიც პარასკევს 31 წლის გახდა, ხორვატიის დროით თავისი დაბადების დღის დადგომამდე რამდენიმე წამით ადრე 25 წლის არგენტინელი ხუან მონაკო დაამარცხა 4:6 6:2 6:1.
ის გახდა პირველი ხორვატი გორან ივანიშევიჩის შემდეგ (1996), ინდიან უელსის ნახევარფინალში რომ გავიდა.
ნადალისა და მისი გზები აქამდე 6-ჯერ გადაკვეთილა და რაფა ივანს 5:1 უგებს. “იმ ერთხელ” ლიუბიჩიჩმა ესპანელი მათ პირველსავე დაპირისპირებაში – 2005 წელს, დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში – დაჯაბნა...
რაც შეეხება ქალთა ტურნირს, იქ მსოფლიო რეიტინგის მე-9-ადგილოსანი სერბი ელენა იანკოვიჩი რუს ალისა კლეიბანოვას აღემატა 6:4 6:4 და წლეულს პირველ ნახევარფინალს უწია. ახლა ის ავსტრალიელ სამანტა სტოზერთან იპაექრებს. ეს უკანასკნელი ვიკტორია აზარენკასა და იანინა ვიკმაიერის მძლეველ ესპანელ მარია ხოსე მარტინეს-სანჩესს გასცდა 6:3 7:6 (9:7).







