ჩოგბურთი

1:21 | 3.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის მეხუთე რომაული ნადავლი

რაფაელ ნადალმა რომის მასტერსის ფინალში ორ სეტში, 7:5, 6:2 დაამარცხა თავისი თანამემამულე დავიდ ფერერი და ბოლო ექვს სეზონში, მეხუთედ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. რაფას გამარჯვებაში ხელი ვერც იმან შეუშალა, თამაში წვიმის გამო ორჯერ რომ შეწყდა.
ამგვარად, მიმდინარე სეზონში, თიხაზე რაფამ 10 შეხვედრა ჩაატარა და ათივე მოიგო, რითაც დაამტკიცა, რომ გრუნტიან კორტებზე ის ძველებურად დომინანტია და რომ საფრანგეთის ღია პირველობას კარგად მომზადებული ხვდება.
ორი კვირით ადრე, მან მონტე კარლოს მასტერსი მოიგო და ამით, 11-თვიანი უტიტულო პერიოდი დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში ნადალს მცირე დაღლაც კი არ ეტყობოდა. არადა, ნახევარფინალში მას უშეღავათო სამსეტიანი ბრძოლა ლატვიელ ერნესტს გულბისთან გადახდა.
ეს ნადალის მიერ მოპოვებული მე-17 სამასტერსო ტიტულია და ამ მიღწევით, მან ამერიკელი ანდრე აგასის რეკორდი გაიმეორა. ოღონდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აგასიმ მე-17 მასტერსი 34 წლისამ მოიგო, რაფა კი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. ცნობისათვის, მსოფლიოს პირველ ჩოგან როჯერ ფედერერს, ვისაც რომაული ტურნირი მეორე წრეში გულბისმა დაატოვებინა, ჯერ მხოლოდ 16 სამასტერსო ტურნირი აქვს მოგებული.
რომაული მასტერსი მნიშვნელოვანი ეტაპია სეზონის მეორე სასლემო ტურნირის - საფრანგეთის ღიას წინ, რომელიც 23 მაისს დაიწყება. ნადალს ეს ტურნირი ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული, მაგრამ შარშან მას მე-4 წრეში დაემშვიდობა, სადაც ის შვედ რობინ სოდერლინგთან დამარცხდა. რომში კი რაფას ოდენ ერთი შეხვედრა აქვს წაგებული. ეს ორი წლის წინ, პირველივე წრეში მოხდა, სადაც ის თავის თანამემამულე ხუან კარლოს ფერეროს შეხვდა. მაშინ მისი მარცხი ფეხის ტრავმამ განაპირობა. სხვათა შორის, ”ფორო იტალიკოს” კორტებზე, სამ ტიტულზე მეტი, ნადალის გარდა სხვა არავის აქვს მოგებული.
რომაულ ფინალამდე, ნადალს ფერერთან ბოლო 7 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. ფერერისთვის კი ეს პირველი სამასტერსო ფინალი იყო. შეხვედრას 10 500 მაყურებელი დაესწრო. ჩოგბურთელებს თამაშში ხელს ქარი უშლიდა, ორჯერ კი, შეხვედრა წვიმის გამო შეწყდა.
პირველად ეს პირველი წრის 8 გეიმის შემდეგ მოხდა, როდესაც 4:4-ზე ფერერის მოწოდების ჯერი დადგა. პაუზა ერთ საათს გაგრძელდა, რამაც ფერერს ”თავისი” გეიმის მოგებაში ხელი ვერ შეუშალა. თუმცა, რაფამ მისი გატეხვა მე-11 გეიმში მაინც შეძლო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრეიკ პოინტზე, ფერერის დარტყმული ბურთი ბადემ მოიგერია.
სეტ პოინტამდე, ფერერს ბრეიკის შანსი არ მისცემია, მაგრამ სეტის წაგების საშიშროება რომ იგრძნო, გაძალიანდა და ლამის საპასუხო ბრეიკსაც მიაღწია. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა - ბურთი კორტის მიღმა ჩავარდა. შემდეგ გათამაშებაზე, ნადალმა მეტოქე კუთხიდან კუთხეში არბენინა, შემდეგ კი, დრო იხელთა, ბადესთან გავიდა და იოლად დაეუფლა ქულას.
მე-2 სეტის მე-3 გეიმში ნადალმა ბრეიკის მოპოვება შეძლო და თითქოს მისი დაცხრობა უნდაო, ცამ ისევ პირი მოხსნა. ამჯერად, ჩოგბურთელებმა იძულებით თითქმის 2 საათით დაისვენეს, თუმცა, ამას რაფა რიტმიდან არ ამოუგდია. სამაგიეროდ, ფერერი გაჯაგლაგდა - თავისი პირველივე მოწოდება მეტოქეს ჩააბარა, რომელმაც ამის შემდეგ საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094459