რაფა ნადალი რომის “მასტერზ1000”-ის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. დღევანდელ ნახევარფინალში რეიტინგსიის პირველმა ნომერმა მალიორკელმა 23 წლის ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 6:2, 6:2 მოუგო და ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. ნადალი და ჯოკოვიჩი რომის შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან.
2009 და 2012 წლებში რაფამ “მარადიული ქალაქის” საჩოგბურთო შეჯიბრების ფინალში ნოვაკს მოუგო, 2011-ში კი ტიტული ჯოკოვიჩმა მალიორკელის ძლევით მოიპოვა. აქამდე ნადალს რომში 8 ფინალი უთამაშია, რომელთაგან შვიდში იმარჯვა.