რაფაელ ნადალმა როლან გაროზე თავისი მეხუთე ტიტულისა და იმავდროულად მსოფლიო რეიტინგის პირველი საფეხურისთვის ბრძოლა მეოთხედფინალში ნიკოლას ალმაგროს ძლევით განაგრძო.
ტურნირის ოთხგზის – 2005-08 წლების _ ჩემპიონმა, რომელსაც ხუთშაბათს 24 წელი უსრულდება, ერთი წლით უფროს და 19 ადგილით ქვემდგომ თანამემამულეს ორ საათსა და 35 წუთში 7:6 (7:2) 7:6 (7:3) 6:4 აჯობა.
ეს მათი მეშვიდე დაპირისპირება გახლდათ და რაფამ ნიკოლასს მეშვიდედვე მოუგო. ამ უკანასკნელმა მედგრად იომა და რაფაზე სამით მეტი (37:34) შედეგიანი დარტყმა მიითვალა, თუმცა მასზე ათით მეტი (44:34) უნებლიე შეცდომა დაუშვა და გადამწყვეტ მომენტებშიც ვერ ივარგა.
აღსანიშნავია, რომ ნადალმა წლეულს თიხნარზე ჩატარებულ მეოცე შეხვედრაში მეოცევე გამარჯვება მოიხვეჭა. შეგახსენებთ, რომ როლან გარომდე მან წლევანდელი სეზონის სამივე – მონტე კარლოს, რომისა და მადრიდის – მასტერსთიხნარობაზე იმარჯვა.
თუკი ის პარიზში კიდევ ორ მატჩსაც მოიგებს და ტიტულს დაეუფლება, “თიხნარის მუზარადის” შემსრულებელი პირველი მეჩოგნე გახდება და ორშაბათს შვეიცარიელი როჯერ ფედერერისგან მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურსაც დაიბრუნებს.
ნახევარფინალში მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 27-ე ადგილზე მდგარი 29 წლის ავსტრიელი, მისებრ ცაცია იურგენ მელცერი იქნება, რომელმაც 4-საათიან და 15-წუთიან ბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის მე-3-ადგილოსანსა და ტურნირის ორგზის – 2007-08 წლების – ნახევარფინალისტ ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია 3:6 2:6 6:2 7:6 (7:3) 6:4.
მელცერი, რომელიც აქამდე დიდი მუზარადის ტურნირებზე მესამე წრეს არ გასცილებოდა, გახდა პირველი ავსტრიელი ტომას მუსტერის 1995 წლის საჩემპიონო ნავარდის შემდეგ, საფრანგეთის ღია პირველობაზე უკანასკნელ ოთხეულს რომ უწია.
არადა, ნოვაკი 6:3 6:2 2:0 იგებდა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ნახევარფინალში მისი და რაფას მორიგი შერკინება უნდა გვეხილა, მაგრამ ყურადღების მოდუნება მას ჯერ ერთი, მერე მეორე სეტის და საბოლოო ჯამში მატჩის ფასადაც დაუჯდა.
მელცერისა და ნადალის გზები აქამდე ორჯერ გადაკვეთილა და იურგენს რაფასთვის ჯამში მხოლოდ 8 გეიმი აქვს მოგებული.
რაც შეეხება ქალებს, სამანტა სტოზურმა მოულოდნელი მარცხი აგემა ამქრის პირველოსანს, ტურნირის 2002 წლის ჩემპიონსა და დიდი მუზარადის ტურნირების 12-გზის გამარჯვებულ სერენა უილიამსს.
მსოფლიო რეიტინგის მე-7 საფეხურზე მდგარი 26 წლის ავსტრალიელი ორი წლით უფროს ამერიკელ მეტოქეს დაძაბულ შეხლაში 6:2 6:7 (2:7) 8:6 აღემატა.
სერენას მესამე სეტში (5:4-ზე) მატჩბურთი ჰქონდა, მაგრამ უნებლიე შეცდომა დაუშვა. 1999 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ეს პირველად მოხდა, რომ მას დიდი მუზარადის ტურნირებზე მატჩბურთი მიეცა, მაგრამ შეხვედრის მოგება ვერ შეძლო.
სულ მან სტოზურის 30 შედეგიანი დარტყმის წილ 39 შედეგიანი დარტყმა შეასრულა, თუმცა იმავდროულად მასზე 22-ით (!) მეტი (46:24) უნებლიე შეცდომა დააგროვა.
ნამატჩევს ის თავს იმით იმართლებდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მუხლის ტრავმის გამო იუქმა და ამის გამო საზეო ფორმაში ჯერაც ვერ არის.
სტოზური, რომელმაც როლან გაროს ნახევარფინალში ზედიზედ მეორე გავიდა, ფინალში მოსახვედრად ტურნირის 2007-08 წლენის ნახევარფინალისტ ელენა იანკოვიჩთან (#4) იბრძოლებს. 25 წლის სერბმა ყაზახი იაროსლავა შვედოვა დაჯაბნა 7:5 6:4.
ლევან კელაურაძე







