ჩოგბურთი

20:19 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი სიმონს შეხვდება, ფედერერმა რომში ივარჯიშა

 რომში სტარტი აიღო „მასტერზ1000“-ის მორიგმა გათამაშებამ, რომლის მონაწილეთა შორის შეჯიბრების შარშანდელი ფინალისტები რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი იქნებიან. პირველ წრეში ესპანელი შვეიცარიელი ვარსკვლავები ისვენებენ, მეორე სტადიაზე რაფას ოპონენტი ფრანგი ჟილ სიმონი იქნება, როჯერი კი ასევე ფრანგ ჟერემი შარდის დაუპირისპირდება.

ჟილ სიმონმა რომის ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ფილიპო ვოლანდრის 6:2, 6:3 მოუგო. მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. 29 წლის ფრანგის მომდევნო „გაჩერება“ „მალიორკელი ბუღააა“.

ტყუპი ბიჭების გაჩენის შემდეგ ფედერერის რომში თამაში სათუო იყო, მაგრამ როჯერმა მაინც გადაწყვიტა „მარადიული ქალაქის“ საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება და დღეს რომში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

შარშანდელ ფინალში რაფამ როჯერს 6:1, 6:3 სძლია და რომის „მასტერზ1000“ სარეკორდოდ, მეშვიდედ მოიგო. ნადალი რვაჯერ გავიდა იტალიის დედაქალაქის ტურნირის ფინალში და ერთადერთხელ (2011-ში, ნოვაკ ჯოკოვიჩთან) დამარცხდა. ფედერერს რაც შეეხება, მან სამჯერ ითამაშა რომის ტურნირის ფინალში და სამივეჯერ წააგო (ორჯერ ნადალთან, ერთხელაც 2003 წელს ესპანელ ფელიქს მანტილიასთან).

0.115318