ჩოგბურთი

11:21 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი პრაღაში ჩემპიონი გახდა

 რაფა ნადალი მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი ჩოგბურთელი ხომ არის და არის, გუშინ ღამით კი საკუთარ მრავალრიცხოვან ტიტულებს კიდევ ერთი, ამჯერად არასაჩოგბურთო წოდება მიამატა. რაფამ პრაღაში პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პირველობა არავის დაუთმო.

ჩეხეთის დედაქალაქში ნადალთან ერთად ლეგენდარული ფეხბურთელები, რონალდო და ანდრეი შევჩენკო, სამთომოთხილამურე ალბერტო ტომბა, ჰოლანდიელი ბალახის ჰოკეის ვარსკვლავი ფატიმა მორეირა და პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დანიელ ნეგრეანუ მონაწილეობდნენ. ჩემპიონის ტიტულთან ერთად რაფამ საპრიზო თანხის სახით 50 ათასი ევრო დაიმსახურა და ამ თანხას მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.

“ჩოგბურთი კვლავინდებურად ჩემი ცხოვრების განუყოფელი და უმთავრესი ნაწილია. პოკერს რაც შეეხება, ეს თამაში მართობს, ამასთან სასარგებლო ეფექტიც მოაქვს. პოკერის მეშვეობით ადამიანი უფრო დაკვირვებული, კონცენტრირებული ხდება და მოთმინების უნარსაც გამოიმუშავებს”, - განაცხადა ნადალმა ტურნირის დასრულების შემდეგ.

0.094076