რაფაელ ნადალი ოთხი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომლის გამოც მან ავსტრალიის ღიას მესამე წრეში, ენდი მარეისთან მეოთხედფინალური შეხვედრა მესამე სეტში მიატოვა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ესპანელ ექიმებს გაესინჯა, რომლებმაც მინიმუმ ორი კვირით დასვენება ურჩიეს. დასვენების შემდეგ კი მას მკურნალობა მოუწევს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია, კორტზე დაბრუნებაზე იფიქროს.
მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ღიას შარშანდელ ფინალში, ხუთსეტიან ბრძოლაში როჯერ ფედერერი დაამარცხა, ნადალს დიდი სლემის ტურნირის არცერთ ფინალში არ უთამაშია, რისი მიზეზიც მუხლების სახსრების ანთება იყო. ამ მიზეზით, მას გასულ სეზონში რამდენჯერმე მოუწია იძულებითი დასვენება. თუმცა, თავად ამბობს, რომ ახლა სულ სხვა ტრავმა აწუხებს.
მაგნიტორეზონანსულმა სკანირებამ და ულტრაბგერითმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ნადალს მარჯვენა მუხლის უკანა ნაწილში აქვს დაზიანება, რაც, დოქტორ ანხელ რუის-კოტოროს თქმით, ფიზიოთერაპიულ და ანტი-ანთებით მკურნალობას ექვემდებარება.
”რაფაელს ორი კვირით დასვენება მოუწევს, შემდეგ კი ტესტები გვიჩვენებს, რა ტიპის მკურნალობა დასჭირდება და როდის დაუბრუნდება კორტს”, - განაცხადა რუის-კოტორომ.
ნადალის თქმით, მას უხარია, რომ ამჯერად მუხლის ანთება არ აწუხებს. ის დასძენს, რომ უთამაშებლობის გამო რეიტინგში რამდენიმე ადგილს კი დაკარგავს, თუმცა, ეს არ აშინებს და თუ ტრავმა არ შეაწუხებს, ისევ წინ წაიწევს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდებას ის 2008 წლის აგვისტოში დაეუფლა და ეს პოზიცია 46 კვირის განმავლობაში ეკავა.







