რაფაელ ნადალმა მაიამის მასტერსტურნირის ნახევარფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგას დამაჯერებლად სძლია და ახლა ფინალის საგზურისათვის ამერიკელ ენდი როდიკს შეეხლება.
23 წლის დიადმა ესპანელმა, რომელსაც შარშანდელი მაისის შემდეგ არც ერთი ტიტული არ მოუხვეჭია, ბრგე ფრანგი 6:3 6:2 დაჯაბნა.
ეს მათი მე-6 დაპირისპირება გახლდათ და რაფამ ჟო-ვილფრიდს ჯამში მე-5, ხოლო 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მასთან წაგების შემდეგ ზედიზედ მე-4 მარცხი აგემა.
ასევე უპრობლემოდ იმარჯვა ტურნირის 2004 წლის ჩემპიონმა როდიკმაც – ის ესპანელ ნიკოლას ალმაგროს გაუსწორდა 6:3 6:3.
როდიკს და ნადალს ერთმანეთში 7-ჯერ უპაექრიათ და რაფა 5:2 უპირატესობს. ენდიმ მას ბოლოჯერ 2008 წელს დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში აჯობა, მაგრამ შემდეგ მასთან მიჯრით სამი მატჩი დათმო – ქუინზკლაბურ ბალახზე, ესპანურ თიხნარსა და ინდიანუელსურ ჰარდზე.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რაფა ტურნირის ორგზის – 2005 და 2008 წლების – ფინალისტია. პირველ ჯერზე ის გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დამარცხდა, ხოლო მეორეზე – რუს ნიკალაი დავიდენკოსთან.
რაც შეეხება ქალთა შეჯიბრებას, იქ ნახევარფინალში ერთმანეთზე სახელიანი ბელგიელები – ჟუსტინ ენენი და კიმ კლეისტერსი გავიდნენ. ენენი დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის (#2) მძიმე ბრძოლაში აღემატა 6:7 (5:7) 6:3 6:4, ხოლო კლეისტერსი ავსტრალიელ სამანტა სტოზურს (#9) გასცდა 6:3 7:5.
ჟუსტინი და კიმი ერთმანეთს 23-ჯერ შეხლიან და პირველი 12:11 იგებს. მათი გზები ბოლოჯერ იანვარში, ბრისბენის ტურნირის ფინალში გადაიკვეთა და დაძაბული სამსეტიანი მატჩი კლეისტერსის გამარჯვებით დასრულდა.







