ჩოგბურთი

10:44 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ნახევარფინალში გასკეს შეხვდება

 რაფა ნადალმა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში თანამემამულე ტომი რობრედოს იოლი ძლევის შემდეგ გააღწია 6:0, 6:2, 6:2. 27 წლის მალიორკელმა მასზე 4 წლით უფროსი რობრედოს დამარცხებას საათი და 40 წუთი მოანდომა. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი რაფა ნახევარფინალში ფრანგ რიშარ გასკეს შეხვდება.

რობრედოსთან დაპირისპირებისას ნადალმა 7 ბრეიკი, 2 ეისი განახორციელა და ურთიერთშეხვედრებში ტომისთან კვლავინდებურად დაუმარცხებელია – რაფამ სამეოთხედფინალე მეტოქეს შვიდივე პირადი დაპირისპირება მოუგო.

გასკეს რაც შეეხება, მან დავიდ ფერერს 6:3, 6:1, 4:6, 2:6, 6:3 სძლია და 1999 წლიდან მოყოლებული პირველი ფრანგი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. 14 წლის წინათ ფრანგებიდან ამ ეტაპამდე სედრიკ პიოლინმა გააღწია. ნადალისა და გასკეს ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 10:0-ია ესპანელის სასარგებლოდ, თუმცა, ფერერთან მატჩის დასრულების შემდეგ რიშარმა გაიხსენა, რომ ჭაბუკთა ტურნირზე ნადალი 6:7, 6:3, 6:4 ჰყავს დამარცხებული: “იმ დროს მე და რაფა 13 წლისანი ვიყავით. ნადალის თამაში მაშინ პირველად ვნახე. რაფა ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა და მეტად აქტიური იყო. მაშინვე მივხვდი, რომ მისგან მაღალი დონის ჩოგბურთელი ჩამოყალიბდებოდა. ნადალის წინააღმდეგ თამაში ურთულესი საქმეა, რასაც ჩვენი შეხვედრების სტატისტიკაც ადასტურებს”.

0.113303