ჩოგბურთი

11:27 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ფინალშია, ფედერერი ექვსეულს მიღმა

ცინცინატის “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში მარცხი ამ ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ როჯერ ფედერერს ძვირად დაუჯდა – ხვალ გამოსაქვეყნებელ რეიტინგში შვეიცარიელი მეხუთე პოზიციიდან მეშვიდემდე დაქვეითდება. საინტერესოა აღინიშნოს, რომ 32 წლის ბაზელელი კლასიფიკაციაში ასე დაბლა 2002 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ ყოფილა. ნადალს რაც შეეხება, მალიორკელმა ნახევარფინალშიც იმარჯვა, ჩეხ ტომაშ ბერდიხს 7:5, 7:6 მოუგო და ხვალ რეიტინგსიაში მეორე ადგილს დაიკავებს. ამასთან, რაფას სადღეისოდ კლასიფიკაციაში მოწინავე 30 ჩოგბურთელთან მოგება-წაგების დადებითი ბალანსი აქვს.

ნადალისა და ბერდიხის ნახევარფინალს რაც შეეხება, მატჩი 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა, ესპანელის აქტივში 2 ბრეიკი და 7 ეისია. რაფა ტომაშს პირად შეხვედრებში 15:3-ს უგებს, ცინცინატის “მასტერზ1000”-ის ფინალში კი ამერიკელ ჯონ იზნერს შეხვდება.

“ბერდიხთან მატჩის მიწურულს აგრესიულად ვითამაშე და მოხარული ვარ, ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან კარგი მატჩი რომ გამომივიდა. ფედერერს რაც შეეხება, იგი კვლავინდებურად მაღალი კლასის ჩოგბურთს აჩვენებს და უახლოეს პერიოდში რეიტინგში მოწინავე პოზიციებს დაუბრუნდება”, - რაფას ეს სიტყვები ინგლისში გამომავალ The Guardian-ს მოჰყავს.

0.10496