ჩოგბურთი

21:44 | 17.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ფინალში ვერდასკოს დაუპირისპირდება


რაფაელ ნადალმა მონტე კარლოს მასტერსთიხნარობის ნახევარფინალში თანამემამულე დავიდ ფერერს (#11) სძლია და ახლა თავისი ზედიზედ მე-6 იქაური ტიტულისთვის კიდევ ერთ თვისტომს, ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდება.
23 წლის მალიორკელმა, რომელსაც შარშანდელი მაისის შემდეგ არც ერთი ტურნირი არ მოუგია, 5 წლით უფროს მეტოქეს დამაჯერებლად – 6:2 6:3 – აჯობა. ფერერმა ვერაფერი გააწყო ნადალის მძლავრი და უშეცდომო გარჯის წინააღმდეგ.
ეს მათი მე-13 შეხვედრა გახლდათ და რაფა დავიდთან პირად დავაში უკვე 10:3 დაწინაურდა. ამ მოგებით მან მონტე კარლოს თიხნარზე მიჯრით 31-ე გამარჯვება მიითვალა, 32-ის მითვლას კი ის კარიერის 49-ე ფინალში – როგორც თავშივე გაუწყეთ, მისებრ ცაცია თანამემამულის, ვერდასკოს, წინააღმდეგ – ეცდება.
ამ უკანასკნელმა მოულოდნელად იოლად დაამარცხა ტურნირის შარშანდელი ფინალისტი და წლეულს პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:2 6:2. 22 წლის სერბმა ისედაც რიგიანად მობურთალ ვერდასკოს საქმე თავისი უნებლიე შეცდომებით კიდევ უფრო გაუადვილა.
აღსანიშნავია, რომ ერთ მატჩში მხოლოდ 4 გეიმი ნოვაკს აქამდე არასოდეს დაეგროვებინა, ამაზე ნაკლები კი – ერთხელ, 2005 წლის ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, რუს მარატ საფინთან 0:6 2:6 1:6 წაგებულ შეხვედრაში!
ვერდასკომ თავის მე-11 ფინალს უწია და იქ მე-7 ტიტულისთვის იბრძოლებს. რაფას კი შანსი აქვს, კარიერის 37-ე ტიტულის მოგებასთან ერთად გახდეს მეორე მეჩოგნე ტურნირის 104-წლოვან ისტორიაში, ვისაც იქ ჯამში 6-ჯერ უმარჯვია. პირველი ინგლისელი რეჯი დოჰერტი გახლდათ, რომელმაც მონტე კარლოს თიხნარზე საჩემპიონო ჯილდო 1897-99 და 1902-04 წლებში შემართა.
ამასთან, რაფა გამარჯვების შემთხვევაში მასტერსის სერიის ტურნირებზე მოხვეჭილი ტიტულების რაოდენობით (16) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება. შეგახსენებთ, ამ სერიის შეჯიბრებებზე ყველაზე მეტი – 17 – ტიტული ამერიკელ ანდრე აგასის მოუნაგრავს.
ნადალი და ვერდასკო ერთმანეთს 9-ჯერ შეხვედრიან და 9-ჯერვე გამარჯვებული რაფა დარჩენილა.
ესპანური ფინალი კი მონტე კარლოში 2002 წლის მერე აღარ გათამაშებულა. იმ წელს იქ გადამწყვეტ მატჩში ხუან კარლოს ფერერომ და კარლოს მოიამ იპაექრეს და ტიტული პირველს ერგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088395