ჩოგბურთი

9:57 | 5.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ფინალში სოდერლინგს დაუპირისპირდება

ესპანელ რაფაელ ნადალს ერთი მატჩის მოგებაღა აკლია საიმისოდ, რათა მეხუთედ გახდეს საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე ჩაენაცვლოს.
თიხნარის მეფემ, რომელსაც 3 ივნისს 24 წელი შეუსრულდა, როლან გაროს ნახევარფინალში ავსტრიელი იურგენ მელცერი (#22) დაამარცხა 6:2 6:3 7:6 (8:6) და ერთწლიანი წყვეტის შემდეგ იქაურ ფინალს დაუბრუნდა.
მელცერმა, ვინაც მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაჯაბნა, რაფას ტოლსწორად მხოლოდ მესამე სეტში ეპაექრა, თუმცა ხელის მოგება ეგრეც ვერ შეძლო.
რაფამ წლეულს 4 მარცხის წილ 37-ე გამარჯვება მიითვალა, საკუთრივ თიხნარზე კი ის ამ სეზონში დაუმარცხებელია – 21:0. შეგახსენებთ, პარიზამდე მან სამივე – მონტე კარლოს, რომისა და მადრიდის – მასტერსთიხნარობაზე იმარჯვა.
ფინალში კი ის სწორედ იმ მეჩოგნეს შეხვდება, რომლის წყალობითაც შარშან იქ  ჩოგანი – 4-წლიანი ზეობის შემდეგ – მეოთხე წრეში დააშალითა.
დიახ, გადამწყვეტ მატჩში რაფა რობინ სოდერლინგს დაუპირისპირდება, მასზე ორი წლით უფროს და 5 ადგილით ქვემდგომ შვედ მეჩოგნეს, ვინაც მას შარშან როლან გაროზე მისი პირველი მარცხი აგემა.
სოდერლინგმა ორიოდე დღის წინ, მეოთხედფინალში, ფედერერსაც სძლია და ამით მასზე შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხისათვის ირევანშა, ხოლო პარასკევს დაძაბულ ხუთსეტიან შეხლაში ჩეხ ტომაშ ბერდიხს (#15) აჯობა 6:3 3:6 5:7 6:3 6:3.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებმა ხუთივე სეტი ითამაშეს, ორი შეხვედრამ მხოლოდ 2 საათსა და 27 წუთს გასტანა. რობინმა ტომაშზე 22-ით მეტი (63:41) უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ასევე 20-ით მეტი (62:42, აქედან ეისები 18:21) შედეგიანი დარტყმა შეასრულა და გადამწყვეტ, მეხუთე სეტშიც მეტი მენტალური სიმყარე გამოიჩინა.
ახლა სოდერლინგი, რომელსაც თიხაზე მხოლოდ ერთი ტიტული მოუნაგრავს (2009 წლის ივლისში შვედურ ბასტადში), ეცდება, გახდეს პირველი შვედი მატს ვილანდერის შემდეგ, როლან გაროზე რომ უმარჯვია. ვილანდერმა, შეგახსენებთ, საფრანგეთის ღია პირველობა მესამედ და უკანასკნელად 1988 წელს მოიგო.
რაც შეეხება ნადალს, ის დიდი სლემის ტურნირებზე მე-7, თიხნარზე 29-ე, ხოლო საერთო ჯამში მე-40 ტიტულისთვის იბრძოლებს.
რაფა და სოდერლინგი ერთმანეთს 5-ჯერ შეხლიან და ესპანელი 3:2 იგებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი ბოლო ორი შეხვედრა შვედის გამარჯვებით დასრულდა. როლან გაროზე ძლევის შემდეგ რობინმა რაფას შარშან ლონდონის რვაკაცას ჯგუფურ ეტაპზეც აჯობა.







 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172404