მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა რაფა ნადალმა რიო დე ჟანეიროს ტურნირის ფინალში უკრაინელ ოლეკსანდრ დოლგოპოლოვს 6:3, 7:6 მოუგო და კარიერის განმავლობაში 62-ე ტიტული მოიპოვა. ამ მაჩვენებლით რაფა არგენტინელ გილერმო ვილასს დაეწია (პატაგონიელთან 7-8 ადგილებს იყოფს), შვედ ბიორნ ბორგსა და ამერიკელ პიტ სამპრასს კი მხოლოდ 2 ტიტულით ჩამორჩება.
25 წლის დოლგოპოლოვის დამარცხებას ნადალმა საათი და 41 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 2 ბრეიკი და 3 ეისი (დოლგოპოლოვის აქტივში 10 ეისია) შეასრულა და ოლეკსანდრთან პირადი შეხვედრების ანგარიში 5:0 გახადა.
“ტიტულის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. რიოში გამარჯვება განსაკუთრებით მახარებს – მე ხომ აქ ტრავმის შემდეგ ვითამაშე. ნახევარფინალში საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში დამაჯერებლად გამოვიყურებოდი და ინიციატივაც შეხვედრის მსვლელობისას მოწინააღმდეგისთვის არ დამითმია”, - განაცხადა რაფამ ნაფინალევს.
რიოში მოპოვებული წარმატების შედეგად ნადალმა 316400 დოლარი საპრიზო თანხა და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
რაფამ მესამედ იასპარეზა ბრაზილიაში ჩატარებულ საჩოგბურთო შეჯიბრებაზე და მესამედ მოახერხა ტურნირისთვის განკუთვნილი მთავარი პრიზის დაუფლება. სადიდსლემო ტურნირების 13-გზის ჩემპიონმა ნადალმა 2005 წელს კოშტა-დუ საიუპეში, შარშან კი სან პაულუში იმარჯვა.