ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მე-2 ტური სტარტს დღეს აიღებს. ევროპის 8 ქალაქში გასამართი შეხვედრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 2 იქცევს. პარიზში, ადგილობრივი გუნდი “ბარსელონას” უმასპინძლებს, ხოლო მანჩესტერში, “სიტი” “რომას” შეხვდება.
E ჯგუფი
ცსკა-ბაიერნი
დღის პირველი თამაში ცსკა-სა და “ბაიერნს” შორის გაიმართება. მიუნხენურმა გუნდმა პირველი ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტს, “მანჩესტერ სიტის” მოუგო, მოსკოველები კი “რომასთან” შერცხვნენ (1:5). აქდან გამომდინარე, დღევანდელი დაპირისპირება რუსული გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია. მასპინძლებს ხელს ადგილობრივი კლიმატიც აძლევს, მაგრამ ფავორიტი მაინც “ბაიერნია”.
პირველი ტურის შემდეგ, გუნდებმა შიდა ასპარეზზე 3-3 თამაში გამართეს. ცსკა-მ რუსეთის ჩემპიონატში 2, ხოლო თასზე 1 მატჩი მოიგო. “ბაიერნმა” სამივე თამაში ბუნდესლიგაში გამართა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ჯერ უგოლო ფრე ითამაშა, შემდეგ კი 2-ჯერ იმარჯვა.
ცსკა და “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. ერთი წლის წინათ მიუნხენელებმა ორივე თამაში მოიგეს – შინ 3:0 და სტუმრად 3:1. გერმანული გუნდის მიერ გატანილი 6 გოლი რობენის (2), გიოტცეს, მიულერის, ალაბასა და მანჯუკიჩის ანგარიშზეა. მოსკოველთაგან თავი მხოლოდ ჰონდამ გამოიჩინა, რომელიც დღეს რუსულ კლუბში აღარ თამაშობს.
დღევანდელ თამაშს ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ცსკა-ს დისკვალიფიცირებული ძაგოევი და ვერნბლუმი, ასევე ტრავმირებული ელმი და ვიტინიო არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოედანზე კაუნას გამოჩენაც. მიუნხენური გუნდი ტრავმირებულ ბადშტუბერს, მარტინესს, შვაინშტაიგერსა და ტიაგოს მოისაკლისებს. საეჭვოა რიბერისა და ბოატენგის თამაშიც.
- ცსკა-მ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო 5 წააგო;
- ცსკა-ს ნახევარმცველმა, რომან ერემენკომ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან გოლი 4-ში გაიტანა;
- ცსკა-მ, ყველა ტურნირზე, ბოლო 9 საშინაო თამაშიდან 8 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შჩენიკოვი, მილანოვი, ნაჩო, ტოშიჩი, ერემენკო, მუსა, დუმბია.
ბაიერნი (3-5-2): ნოიერი, ბენატია, დანტე, ალაბა, რობენი, ლამი, ალონსო, გიოტცე, ბერნატი, მიულერი, ლევანდოვსკი.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
სიტი-რომა
დღის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართება. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “რომას” დაუპირისპირდება. რუდი გარსიას გუნდმა წინა სეზონი ხომ ძალზე კარგად ჩაატარა და მიმდინარეც შესანიშნავად დაიწყო – “ჯალოროსის”, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 6 თამაშში ასპროცენტიანი შედეგი აქვს. “რომამ”, პირველ ტურში, ცსკა 5:1 გაანადგურა და ჯგუფს სწორედ იტალიელები ლიდერობენ. რაც შეეხება “სიტის” – პელეგრინის გუნდი მიუნხენში ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით დამარცხდა. ამის გათვალისწინებით, დღევანდელ მატჩს “ქალაქელებისთვის” ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
“სიტიმ”, პირველი ტურის შემდეგ, 3 თამაში ჩაატარა. მანჩესტერელებმა, პრემიერლიგაში, “ჩელსისთან” ქულა აიღეს, ხოლო “ჰალ სიტი” დაამარცხეს. ამ თამაშებს შორის, პელეგრინის გუნდმა “შეფილდი” თასზე 7:0 გაანადგურა.
“რომამ”, პირველი ტურის შემდეგ, სამივე თამაში სერია A-ში ჩაატარა. რუდი გარსიას გუნდმა სამივე მათგანში 2-2 გოლი გაიტანა, თავად კი ერთადერთი გაუშვა.
“მანჩესტერ სიტის” სამირ ნასრის გარეშე თამაში მოუწევს. საეჭვოა მოედანზე ფერნანდოსა და ნასტასიჩის გამოჩენაც. “რომას” დანაკლისი უფრო სერიოზულია. “ჯალოროსი” სტროოტმანს, დე როსის, ასტორისა და ბალცარეტის, ასევე, შესაძლოა, იტურბესა და კასტანს მოისაკლისებს.
- “სიტიმ” იტალიურ გუნდს ბოლოს 1978 წელს მოუგო. მას შემდეგ, “ქალაქელებმა” იტალიელებთან 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს;
- “რომას” ინგლისში გამართულ 14 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს, ქალაქ მანჩეტერში კი “ჯალოროსიმ” სამივე თამაში წააგო;
- ფრენკ ლემპარდმა, “სიტის” მაისურით ჩატარებულ 3 თამაშში 4 გოლი გაიტანა;
- “სიტიმ”, წინა სამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საშინაო თამაშის მოგება ვერ მოახერხა.
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ტურე, ფერნანდინიო, ნავასი, სილვა, მილნერი, აგუერო.
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, კოული, ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი, ლიაიჩი, ტოტი, ჟერვინიო.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
F ჯგუფი
პსჟ-ბარსელონა
დღის ცენტრალური დაპირისპირება პარიზში გაიმართება, სადაც ერთმანეთს F ჯგუფის ფავორიტები, პსჟ და “ბარსელონა” შეხვდებიან.
პირველ ტურში კარგი შთაბეჭდილება არცერთ გუნდს არ დაუტოვებია. “პარი სენ ჟერმენმა” ამსტერდამში ქულები დაკარგა, “ბარსელონამ” კი, ჯგუფის აუტსაიდერ აპოელ-თან გამართულ საშინაო დაპირისპირებაში მხოლოდ 1:0 მოიგო.
პირველი ტურის შემდეგ, შიდა ჩემპიონატებში, ორივე გუნდმა 3-3 თამაში ჩაატარა. ლორან ბლანის გუნდმა 2-ჯერ 1:1 ითამაშა, ერთხელ კი მოიგო. “ბარსამ” 2-ჯერ დამაჯერებლად იმარჯვა (5:0 და 6:0), ერთი თამაში კი უგოლოდ დაასრულა.
გუნდები ერთმანეთს მეექვსედ შეხვდებიან. მათი გზები პირველად 1995 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გადაიკვეთა. ბარსელონაში გამართული თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო საფრანგეთში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. 2 წლის შემდეგ, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “ბარსამ” მეტოქე 1:0 დაამარცხა. 2013 წელს, გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ორრაუნდიანი დაპირისპირება, ამჯერად, კატალონიელებმა მოიგეს. პარიზში 2:2 შემდეგ, გუნდებმა ესპანეთში 1:1 ითამაშეს და სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით მომდევნო ეტაპზე “ბარსა” გავიდა.
პსჟ ჯგუფის ლიდერთან მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება. ლორან ბლანს გუნდის ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლება. ვერ ითამაშებს ვერც ეზეკიელ ლავესი. დიდი ალბათობით, უქმობა მოუწევს ტიაგუ სილვასაც. “ბარსელონას” დანაკლისი უმნიშვნელოა. კატალონიელებს დუგლასი, ვერმალენი, რაფინია, სუარესი და მასიპი არ ეყოლებათ, მაგრამ ისინი ლუის ენრიკეს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, ჯერჯერობით, არ მოიაზრებიან.
- პსჟ-ს, ევროტურნირებზე, ბოლო 29 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
- “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო, 4 კი წააგო;
- გუნდების მთავარი მწვრთნელები, ლორან ბლანი და ლუის ენრიკე, 1996-97 წლების სეზონში, “ბარსელონაში” ერთად თამაშობდნენ;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, 2009/10 წლების სეზონში, “ბარსელონას” მაისურით გამართულ 46 თამაშში 22 გოლი გაიტანა;
- ტიაგო მოტა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. მან, კატალონიელთა პირველ გუნდში, 139-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა;
- პსჟ-ს მარცხენა მცველი მაქსველი, 2009/12 წლებში, “ბარსელონაში” თამაშობდა. მან 89-ჯერ ითამაშა და 2-ჯერ გაიტანა;
- მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი დაუმარცხებელია, მაგრამ პსჟ-მ, 10 თამაშიდან, მხოლოდ 4 მოიგო;
- “ბარსელონას”, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 თამაშში, გოლი არ აქვს გაშვებული.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ლუისი, მარკინიოსი, დინე, მატუიდი, მოტა, ვერატი, მოურა, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ალვესი, პიკე, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, პედრო, მესი, ნეიმარი.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
აპოელ-აიაქსი
ნიქოზიაში ერთმანეთს ჯგუფის აუტსაიდერებად შერაცხული გუნდები დაუპირისპირდებიან. თუ აპოელ-ი მე-3 ადგილისთვის ბრძოლას აპირებს, კვიპროსელებმა დღეს უნდა მოიგონ. “აიაქსმა”, პირველ ტურში, პსჟ-ს ქულები აართვა და თუ ფრანკ დე ბურის გუნდმა დღეს იმარჯვა, ამსტერდამელები 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.
აპოელ-მა, “ბარსელონასთან” წაგების შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატში 2 თამაში მოიგო, ბოლოს კი, მიმდინარე გათამაშებაში ქულები პირველად დაკარგა. “აიაქსმა”, პსჟ-სთან გამართული მატჩის შემდეგ, სტუმრად 3 თამაში ჩაატარა და სამივე მოიგო. ამსტერდამელებმა 2-ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონატში იმარჯვეს, ერთხელ კი, ქვეყნის თასზე, მეტოქე 9:0 გაანადგურეს.
გუნდები დღევანდელ მატჩს თითქმის უდანაკარგოდ ხვდებიან. მასპინძელთა მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯებურისა და პაპაცოღლუს თამაში, ხოლო სტუმრებს ფიშერი არ ეყოლებათ.
- “აიაქსმა”, გასულ სეზონში, ევროტურნირების 4 გასვლითი თამაშიდან 3 წააგო;
- აპოელ-მა, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 5 მოიგო;
- “აიაქსი”, მიმდინარე საუკუნეში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეცხრედ თამაშობს. წინა 8 შემთხვევაში, ამსტერდამელებმა პირველი 2 თამაშის წაუგებლად ჩატარება ვერ მოახერხეს;
- “აიაქსმა”, გასულ კვირაში, 3 გასვლითი თამაში ჩაატარა, სამივე მოიგო და 15 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
აპოელ (4-4-2): პარდო, სერჟიო, კარლაო, გილერმე, ანტონიადესი, გომესი, მორაიში, ვინიციუსი, ალონეფტისი, ვინსენტი, შერიდანი.
აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ბოილესენი, კლაასენი, ვიერგევერი, სერერო, გაცი, სიგთორსონი, შონე.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
G ჯგუფი
სპორტინგი-ჩელსი
“ჩელსიმ”, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება ძალზე კარგად დაიწყო, ჩემპიონთა ლიგაზე სტარტი წარუმატებლად აიღო. ლონდონელებმა ცუდ ფორმაში მყოფი “შალკე” საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხეს. ჟოზე მოურინიოს გუნდი, ჯგუფში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, დღეს აუცილებლად მოგებას შეეცდება.
პირველ ტურში, ფავორიტის სტატუსი ვერც “სპორტინგმა” გაამართლა, რომელმაც “მარიბორთან” ქულები დაკარგა. ამის მიუხედავად, დღეს ქულის აღება პორტუგალიელებისთვის ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.
“სპორტინგი”, მიმდინარე სეზონში, წაუგებელია, თუმცა ლისაბონელებმა 7 თამაშიდან ქულები 5-ში დაკარგეს. ერთ-ერთი ასეთი მატჩი გასულ უქმეებზე გაიმართა, როდესაც “სპორტინგი”, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პორტუს” დაუზავდა.
“ჩელსიმ”, “შალკესთან” ქულების დაკარგვის შემდეგ, პრემიერლიგაში, “სიტისთან” 1:1 ითამაშა. ამის შემდეგ, მოურინიოს გუნდმა 2 თამაში მოიგო – ერთი თასზე და ერთიც პრემიერლიგაში.
“სპორტინგს”, დღევანდელ მატჩში, ტრავმირებული რამი რაბია არ ეყოლება. “ჩელსის” მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამირესის თამაში.
- “სპორტინგმა”, ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 3 საშინაო დაპირისპირება მშრალად მოიგო;
- “სპორტინგს”, ევროტნურნირებზე გამართულ ბოლო 16 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
- ჟოზე მოურინიო, 1992-1993 წლებში, “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო;
- “სპორტინგის” შემტევმა, ნანიმ, “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის დროს, “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა;
- დიეგო კოსტამ, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 6 თამაშში 8 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
სპორტინგი (4-3-3): პატრისიუ, სოარესი, მაურიციო, სარი, სილვა, მარტინსი, კარვალიო, სილვა, კარილიო, სლიმანი, ნანი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ლუისი, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, კოსტა.
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).
შალკე-მარიბორი
პირველ ტურში ქულის აღება ორივე გუნდს შეიძლება აქტივში ჩაეწეროს. ეს განსაკუთრებით “შალკეზე” ითქმის, რომელმაც ჯგუფის ფავორიტ “ჩელსისთან” ლონდონში არ წააგო.
“შალკეს”, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება ბუნდესლიგაშიც გადაჰყვა. გელზენკირცენელებმა, “ჩელსისთან” თამაშის შემდეგ, შიდა ჩემპიონატში ქულები კი დაკარგეს, მაგრამ შემდეგ 2-ჯერ მოიგეს, მათ შორის რურის დერბიში, “დორტმუნდთან”.
პირველი ტურის შემდეგ შიდა ჩემპიონატში ჩატარებული 3 თამაშიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა “მარიბორმაც”.
გერმანული გუნდი მატჩს ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი სიით ხვდება. მასპინძლებს კოლასინაცი, გიფერი, გორეცკა, ფარფანი და სანტანა არ ეყოლებათ. საეჭვოა კირხოფისა და ჰიოვედესის თამაშიც. სტუმრები პეტარ სტოიანოვიჩს მოისაკლისებენ.
- “მარიბორმა”, ევროტნურნირებზე გამართული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): ფერმანი, უჩიდა, ნოიშტადტერი, მატიპი, აოგო, ჰოგერი, ბოატენგი, ჩუპო-მოტინგი, მაიერი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი.
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, არგუსი, პაიჩევიჩი, ვილერი, ვრსიჩი, ფილიპოვიჩი, მერტელი, სალალიჩი, იბრაიმი, ზაჰოვიჩი.
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).
H ჯგუფი
შახტარი-პორტუ
ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება უკრაინაში, ქალაქ ლვოვში გაიმართება. პირველ ტურში “შახტარმაც” და “პორტუმაც” დადებითი შედეგი აჩვენა. უკრაინელებმა ბილბაოდან ქულა წამოიღეს, ხოლო პორტუგალიელებმა ბატე 6:0 გაანადგურეს. დღეს მოგება მასპინძლებს უფრო ჭირდებათ და პოლიტიკური ვითარების გამო საშინაო არენიდან შორს თამაშის მიუხედავად, მატჩში ფავორიტად სწორედ დონეცკელები უნდა მივიჩნიოთ.
პირველ ტურში “ბილბაოსთან” უგოლოდ თამაშის შემდეგ, “შახტარმა” უკრაინის თასზე დამაჯერებლად კი მოიგო, მაგრამ მანამდე, დონეცკელებმა ქვეყნის ჩემპიონატში წააგეს. ამ წაგების გამო, “შახტარმა” პრემიერლიგაში ლიდერობა დაკარგა.
შიდა ჩემპიონატში საქმეები კარგად არც “პორტუს” მისდის. პორტუგალიელებმა, ბატე-ს განადგურების შემდეგ, შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 2 ფრე ითამაშეს. 6 ტურის შემდეგ მე-2 ადგილზე მყოფი გუნდი ლიდერ “ბენფიკას” 4 ქულით ჩამორჩება.
“შახტარი” და “პორტუ” ერთმანეთს პირველად არ ხვდებიან. 1984 წელს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/4-ფინალში, უფრო ძლიერი “პორტუ” აღმოჩნდა. პორტუგალიაში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, უკრაინაში გამართული მატჩი კი 1:1 დასრულდა. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, უკეთესი შედეგი კვლავ “პორტუმ” აჩვენა, რომელმაც შინ 2:1 და სტუმრად 2:0 მოიგო.
მასპინძელ გუნდს ტრავმირებული სერგეი კრივცოვი არ ეყოლება. სტუმრებს, იგივე მიზეზით, ელტონი და კაზემირო დააკლდებიან.
- “შახტარმა”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული ბოლო 13 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
- “პორტუმ”, ევროტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
- “პორტუს”, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 თამაშში წაგება არ აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, ორდეტსი, რაკიცკი, შევჩუკი, სტეპანენკო, ფერნანდო, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, ადრიანო.
პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, ინდი, სანდრო, ერერა, ოლივერი, ბრაიმი, კუარეჟმა, მარტინესი, ადრიანი.
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).
ბატე-ბილბაო
პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილების მიზზი არცერთ გუნდს აქვს. ბატე-ს “პორტუსთან” წაგება მოსალოდნელი კი იყო, მაგრამ 6 უპასუხო ბურთის გაშვება ბელარუსული გუნდის აქტივში ნამდვილად არ ჩაიწერება. “ბილბაომ” კი, ქულები ერთ-ერთ კონკურენტთან გამართულ საშინაო მატჩში დაკარგა.
პორტუგალიაში განადგურების შემდეგ, ბატე-მ ხასიათი ვერც შიდა ჩემპიონატში გამოიკეთა. იერმაკოვიჩის შეგირდებმა ქულები ორივე თამაშში დაკარგეს. თუმცა, ისინი გათამაშებას მაინც ლიდერობენ.
კიდევ უფრო ცუდად წაუვიდა საქმეები “ბილბაოს”, რომელმაც “შახტართან” გამართული თამაშის შემდეგ, ლა ლიგის 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო.
- ბატე-ს, ბელარუსის ჩემპიონატში, ბოლო 23 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
- “ბილბაოს”, ყველა ტურნირზე, 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ ხუთ თამაშში ბასკებმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბატე (3-5-1): ჩერნიკი, კაგუში, ფილიპენკო, პოლიაკოვი, მლადენოვიჩი, გორდეიჩუკი, ოლეხნოვიჩი, ლიხტაროვიჩი, ვოლოდკო, იაკოვლევი, როდიონოვი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, მარკოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, მუნიაინი, ბენიატი, გომესი, ადურისი.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).