რაგბი

16:22 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნაახალწლევს “ფედერალ 1”-იც განახლდა

საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევრადპროფესიულ “ფედერალ 1”-ში თითქმის თვენახევრიანი შესვენება დასრულდა და გუნდებთან ერთად პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ქართველი ლეგიონერებიც ჩაერთვნენ.

“ფედერალ 1”-ში 40 გუნდი ოთხ ათგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული და ორწრიანი რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო Pro D2-ის საგზურისთვის პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

პირველ ჯგუფს 11 ტურის შემდეგ 42 ქულით დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” ლიდერობს, რომელმაც ირაკლი ნინიძის “დიჟონი” სტუმრად 37:14 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა პირველხაზელმა ნინიძემ.

მოდენაზე პირველივე წუთებიდან გავიდნენ ასევე პირველხაზელები დადუნაშვილი და აშვეთია - პირველმა 62 წუთი ითამაშა, ხოლო მეორე 47-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ტაიმი მხოლოდ 2 ქულით მოიგეს (16:14), მეორე ნახევარში კი, შერკინებაში უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს, ორი საჯარიმო ლელო მიითვალეს, აქედან მეორე ბოლო წუთზე მეხუთე დამატებითი ქულაც მის ხარჯზე აიღეს. “დიჟონს” 9 ქულა დარჩა და ბოლო ადგილზეა.

41 ქულით მეორე ადგილზეა ნოდარ ჭეიშვილის “ნევერი”, რომელმაც ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და 27:20 იმარჯვა. სამაგიეროდ, სტუმართა შორის სრულად ითამაშა მეორეხაზელმა გუჯარაიძემ. მისი “სენტ-ნაზერი” 20 ქულით მე-6 ადგილზეა და რადგან საპლეიოფო მეოთხე ადგილს მთელი 13 ქულით ჩამორჩება.

შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენი” “ლილთან” 16:26 დამარცხდა, 17 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ საყვარელიძემ მიიღო და მესამე ხაზში სრულად ითამაშა. თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონმა” “ვანი” 21:20 დაამარცხა და 16 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. გიგაურმა შუამარბად სრულად ითამაშა, ხოლო გელანტია შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.

მეორე ჯგუფს ავთო კოპალიანის “მაკონი” ლიდერობს, რომელიც “ლა ვულტთან” 23:27 დამარცხდა. კოპალიანმა პირველიდან 69-ე წუთამდე ითამაშა, მისმა გუნდმა ლელო-გარდასახვა ბოლო წუთზე გაიტანა და პრემიალური ქულა მიითვალა. ახლა “მაკონს” 39 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს ერთი ქულით უსწრებს.

საბა ქართველიშვილის “ჩამბერმა” “ექს-ან-პროვანსი” ქართველი ლეგიონერის გარეშე 29:13 დაამარცხა, 25 ქულით მე-7 ადგილზეა, საპლეიოფო ზონას 4 ქულა აშორებს და იქ მოსახვედრად დარჩენილ მატჩებშიც იბრძოლებს. 18 ქულით მე-8 ადგილზეა გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ლა სენთან” 9:22 დამარცხდა. ქართველმა პირველხაზელმა 52 წუთი ითამაშა და მისი შეცვლისას ანგარიში 3:6 იყო, მალე მასპინძლები 9:6 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით 15 წუთში უპასუხო ქულები მიიღეს.

სტუმრად “ობნასთან” დამარცხდა მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”. საქართველოს ნაკრების მგეზავმა სრულად ითამაშა და გუნდს 7 ქულა შესძინა (2 გარდასახვა და 1 ჯარიმა), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “ვიენი” 12 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. 8 ქულით ბოლო ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის “ანესი”, რომელსაც “რომანმა” 31:12 აჯობა. კუთარაშვილმა შეცვლაზე დასკვნითი 4 წუთი ითამაშა.

მესამე ჯგუფში 25 ქულით საპლეიოფო მეოთხე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო”. “პერიგომ” ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაის” სტუმრად 31:17 აჯობა. გამარჯვებულ გუნდში სრულად ითამაშა შუამარბმა ზიბზიბაძემ. სტუმრები პრემიალური ქულის აღებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე ლელო გაუშვეს. “ჰენდაის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა პირველხაზელმა გიორგაძემ, მისი გუნდი კი, 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლიდერ “მონტობანთან” 16:27 დამარცხდა გიორგი ტალახაძის “როდეზი”. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. “როდეზი” 22 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მეოთხე ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის, ბექა ურჯუკაშვილისა და ლადო გუნიავას “ბანიერს”, რომელმაც ქართველი მგეზავის წყალობით 16:11 დაამარცხა უშუალო კონკურენტი “ვანალს დ’აჟენი”. მალაღურაძემ სრულად ითამაშა და 16-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ფიზიკურად მძლავრ მოწინააღმდეგესთან მან პირველ ტაიმში ორი ჯარიმა გაიტანა და საწყისი 40 წუთი 6:6 დასრულდა.

57-ე წუთზე სტუმრები ლელოთი დაწინაურდნენ, რაზეც მალაღურაძემ 62-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა, ხოლო 74-ე წუთზე ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები მაისურაძე და მჭედლიშვილი და პირველი 52-ე, ხოლო მეორე 54-ე წუთზე შეცვალეს. ამრიგად, “ბანიერს” 27 ქულით მე-5 ადგილი უკავია და მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფ გუნდებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

17 ქულით მე-9 ადგილზეა მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო”, რომელიც “ლურდთან” 13:24 დამარცხდა. ქართველი მეორეხაზელი თამაშში ბოლო წუთებზე ჩაერთო. “ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის თამაშები მომავალ უქმეებზე გაიმართება.

თეგებიფედერალ 1დავით აშვეთიადავით დადუნაშვილიარჩილ კობაურიელიზბარ ყუფარაძეშალვა სუთიაშვილიშოთა საყვარელიძეგიორგი ტორაძეირაკლი ნინიძეთემურ გელანტიარევაზ გიგაურიბაჩუკი გუჯარაიძენოდარ ჭეიშვილისაბა ქართველიშვილიგიორგი ჯაშიტაშვილიავთო კოპალიანიმერაბ კვირიკაშვილიზერო პეტრიაშვილითედო ზიბზიბაძეგიორგი გაბელიანიკოლოზ მაღალდაძეგიორგი ტალახაძენიკოლოზ გიორგაძელაშა მალაღურაძესიმონ მაისურაძეგიორგი მჭედლიშვილიბექა ურჯუკაშვილიმიხეილ გაჩეჩილაძემასისენ-ჟენიდიჟონიმონლიუსონისენტ-ნაზერინევერიჩამბერიანესიშალონიმაკონივიენიპერიგოროდეზიჰენდაიბანიერიაჟეტმოლადო გუნიავაგიორგი კუთარაშვილი გიორგი კუთარაშვილი
0.112401