სადიდსლემო ტურნირების ორგზის ჩინელი ჩემპიონი ნა ლი სავარაუდოდ ხვალ სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე განცხადებას გააკეთებს. ამ ცნობას აზიელი ჩოგბურთელის ოფიციალური წარმომადგენელი სააგენტო IMG ავრცელებს.
32 წლის ნა ლი ამგვარ ზომამდე ჯანმრთელობის მდგომარეობამ მიიყვანა. სექტემბრის დასაწყისში მან მიუნხენში სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და ექიმებმა ნა ლის მარჯვენა მუხლის ამჟამინდელი მდგომარეობა უწინდელთან შედარებით გაუარესებულად მიიჩნიეს. ამასთან ჩოგბურთელს მარცხენა მუხლიც სერიოზულად დაზიანებული აქვს. მოგვიანებით კი პრესასთან კომენტარი ნა ლის პირადი აგენტი მაქს აიზენბადმა გააკეთა და მოთამაშის ჩოგბურთიდან შესაძლო წასვლის გავრცელებული ცნობა უარყო.
შეგახსენებთ, ნა ლიმ 2011 წელს “როლან გაროსი” მოიგო, წლეულს კი ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა.