საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ონისე ბუღაძემ სამსუნში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – “დიდ პრიზზე” ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანი ირინე ლეონიძე კი ნახევარფინალშია.
ბუღაძემ ტურნირი უზბეკი ელიორ მაშარიპოვის ძლევით გახსნა. ილეთებით ანგარიში იუკო-იუკოზე იყო და ბუღაძემ მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე იხეირა. მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ტიტულოვანი ბელარუსი იჰარ მაკარაუ ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში კი სლოვენიელ მატიაჟ სერაჟს დაეჭიდება.
ლეონიძე საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, რუსეთის ნაკრების წევრ ანაიდ მხითარიანთან შეხვედრით და ნახევარფინალის საგზური იუკოთი მოიპოვა. იქ კი მეტოქედ გერმანელი კაროლინ ვაისი ეყოლება.
დღესვე თურქულ ტატამზე კიდევ 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ხუთივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე იოსებ ჩილინდრიშვილი და ლაშა ზურაბიანი თურქულ ტატამზე თითოჯერ გავიდნენ. ჩილინდრიშვილი იტალიელ მასიმილიანო კაროლოსთან იპონით დამარცხდა, ზურაბიანმაც იპონითვე წააგო თურქ აჰმეთ სარისთან.
ზვიად გოგოჭური (90 კგ) საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ჰოლანდიელ ჯილომ ელმონთან სამ წუთში ორჯერ დავარდა ვაზარზე.
მერვედფინალიდანვე დაიწყო ლევან ჟორჟოლიანმაც (100 კგ) და უმალ წმინდად დამარცხდა უკრაინელ დმიტრო ლუჩინთან. ამავე წონაში დავით ლორიაშვილმა მეთექვსმეტედფინალში უკრაინელ არტემ ბლოშენკოს იპონით აჯობა. მერე კი ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან იპონითვე წააგო.