გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ როჯერ ფედერერი პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. ცხადია, არიან ქომაგები, რომლებიც უპირატესობას ბიორნ ბორგს, ჯიმი კონორსს, პიტ სამპრასს, ჯონ მაკინროის, ივან ლენდლს, ანდრე აგასის, ბორის ბეკერს, რაფა ნადალს ან სხვა რომელიმე დიდოსტატს მიანიჭებენ, მაგრამ შვეიცარიელის სასარგებლოდ მხოლოდ მშრალი სტატისტიკის მოყვანაც საკმარისია. ფედერერი სარეკორდოდ, 302 კვირის განმავლობაში ედგა სათავეში მსოფლიო რეიტინგსიას, ყველაზე მეტჯერ, 17-ჯერ მოუგია სადიდსლემო შეჯიბრებები, ამავე ტურნირების ფინალებში მინიმუმ ხუთჯერაა გასული, სულ 77 ტიტული აქვს მოპოვებული და ფანტასტიკური კარიერის განმავლობაში ასევე სარეკორდო თანხა, 77701859 დოლარი აქვს გამომუშავებული.
...როჯერ ფედერერის მშობლები სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურული წარმომავლობის ადამიანები არიან. მამა, რობერტი შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბერნეკში ცხოვრობდა, 20 წლისა კი ბაზელში გადასახლდა და პროფესიით (იგი ქიმიკოსია) დაიწყო მუშაობა. მაგრამ სამეცნიერო საქმიანობას დიდხანს გული ვერ დაუდო და სამხრეთ აფრიკაში გადაბარგდა. საფეხბურთო მუნდიალ2010-ის მასპინძელ ქვეყანაში გაიცნო მან მომავალი მეუღლე ლინეტ დიურანი. რამდენიმეწლიანი მეგობრობის შემდეგ რობერტი და ლინეტი შვეიცარიაში გადასახლდნენ, დაქორწინდნენ, 1981 წლის 8 აგვისტოს კი მეორე შვილი, ამჯერად ბიჭი, როჯერი (მას 2 წლით უფროსი და დიანა ჰყავს) შეეძინათ.
მომავალ საჩოგბურთო ვარსკვლავს ბავშვობიდანვე უყვარდა სპორტის სხვადასხვა სახეობა. თავდაპირველად იგი მშობლებმა საფეხბურთო სკოლაში გაამწესეს, შემდეგ გოლფის პედაგოგიც აუყვანეს, მაგრამ თანდათან გამოიკვეთა, რომ როჯერს ყველაზე მეტად ჩოგბურთის თამაში მოსწონდა და გამოსდიოდა. ხშირად მისთვის კორტის მაგივრობას გარაჟის და ოთახის კედლები სწევდა. მშობლები გაგებით მოეკიდნენ შვილის გატაცებას და არათუ შემჩნევას აძლევდნენ, ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს.
1996 წელს როჯერ ფედერერმა თავის პირველ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. იგი 3 წლით უფროსებს დაუპირისპირდა და იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა, უმალ გულშემატკივართა და სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო. 1998 წელი “მხიარულმა როჯერმა” იუნიორთა რეიტინგსიის სათავეში მყოფმა დაასრულა. მან ჯერ უიმბლდონის ერთეულთა შეჯიბრება მოიგო, შემდეგ კი ოლივიე როხუსთან ერთად წყვილთა თანრიგშიც იმარჯვა. აშშ-ის ღია პირველობის ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში ფედერერი დავიდ ნალბანდიანთან დამარცხდა (არგენტინელი შვეიცარიელი დიდოსტატისთვის შემდგომშიც უხერხულ მეტოქედ დარჩა), დეკემბერში კი იუნიორთა ყველაზე პრესტიჟული ტურნირი Orange Bowl მოიგო. ამით როჯერმა “სიჭაბუკის კარიერა” დაასრულა. თუმცა, ჯერ კიდევ 1998-ში მან მამაკაცთა 2 შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. ეს ATP-ის შეჯიბრებები გშტაადსა და ბაზელში ჩატარდა. მშობლიურ ქალაქში გამართულ ტურნირში ფედერერს თვით ანდრე აგასის წინააღმდეგ მოუწია გამოსვლა და ლეგენდარულ ამერიკელს 5 გეიმი მოუგო. პირველ წარმატებას კი როჯერმა სამხრეთფრანგულ მარსელში მიაღწია, როდესაც ფინალში იმხანად პლანეტის მეხუთე ჩოგანს კარლოს მოიას სძლია. ბევრმა ეს შემთხვევითობად მონათლა და მომდევნო წელს ზღვისპირა ქალაქში შვეიცარიელს ფავორიტად არ თვლიდნენ, მაგრამ ფედერერმა მარსელში ფინალამდე გააღწია და დაძაბულ ორთაბრძოლაში უფროს მეგობარსა და თანამემამულე, 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ მარკ როსესთან დამარცხდა.
როჯერზე გულშემატკივრები ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ საჩოგბურთო ტალანტის სრულად გამოვლენაში მას ხელს ფეთქებადი ხასიათი უშლიდა. მას საკუთარი შეცდომები ზომაზე მეტად აღიზიანებდა, ხშირად ყოფილა კორტზე უცენზურო სიტყვების კორიანტელი დაუტრიალებია და ჩოგანიც მოშორებით მოუსვრია. ამასთან, ასპარეზობისას ფედერერს ბადესთან გასვლა არ უყვარდა. მის შვედ მწვრთნელს პეტერ ლუნდგრენს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა შეგირდის ნაკლოვანებები აღმოეფხვრა. როგორც კი ეს მოხერხდა, სერიოზულმა მიღწევებმაც არ დაახანა. 2001 წელს როჯერმა მილანში ATP-ის ტურნირი მოიგო, უიმბლდონზე კი მართალია, უკვე მობერებულ, მაგრამ მაინც “ბალახის კორტის მეფეს” პიტ სამპრასს სძლია. შვეიცარიელის საუიმბლდონო სვლა მეოთხედფინალში ინგლისელმა ტიმ ჰენმანმა შეწყვიტა, თუმცა, მომდევნო სეზონში მან დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის უპრესტიჟულესი შეჯიბრება პლანეტის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულის წევრის რანგში დაიწყო. უიმბლდონ-2002 შვეიცარიელისთვის ახალგაზრდა ხორვატ მარიო ანჩიჩთან მარცხით დასრულდა, მომდევნო წელს კი ფედერერის შეჩერება ვერავინ მოახერხა. მთლიანად ტურნირის განმავლობაში როჯერმა ერთადერთი სეტი წააგო, ფინალში კი მოწოდებათა დიდოსტატად წოდებულ ავსტრალიელ მარკ ფილიპუსისს გაუსწორდა. საუიმბლდონო ტრიუმფის შემდეგ ფედერერი გშტაადში ჩავიდა, სადაც იქაური საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზატორებმა მას მეწველი ძროხა უფეშქაშეს.
2004 წელს როჯერმა მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა და მსოფლიოს რეიტინგსიასაც სათავეში მოექცა. ჯერ კიდევ წინა წელს კლასიფიკაციის პირველი ნომრები ხშირად იცვლებოდნენ, ამიტომაც იმ პერიოდში ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ “მხიარული როჯერი” მოწინავე პოზიციას 4 წელს მეტი ხნით შეინარჩუნებდა – ფედერერის ზედიზედ 237 კვირიანი “მეფობა” (ყველაზე ხანგრძლივი დრო როგორც მამაკაც, ასევე ქალ ჩოგბურთელთათვის) 2008 წლის აგვისტოში რაფა ნადალმა დაასრულა.
აშშ-ის 2004 წლის ღია პირველობის შემდეგ კი როჯერ ფედერერი საჩოგბურთო მოვლენად “ურწმუნო თომებმაც” კი აღიარეს. შვეიცარიელი ძალდაუტანებლად, მსუბუქად ამარცხებდა მეტოქეებს და ყველას ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შვეიცარიელს თამაშის მომატების დიდი რეზერვიც ჰქონდა. როჯერის ნებისმიერი მარცხი სენსაციად აღიქმებოდა – 2004-06 წლებში მან ხომ მხოლოდ 15 მატჩი წააგო.
ამასობაში “ჰორიზონტზე” მალიორკელი რაფა ნადალი გამოჩნდა. პირენელმა ჯერ კიდევ 2004-ში მოახერხა ფედერერის დამარცხება (მაიამის ტურნირზე), შემდეგ კი როჯერმა და რაფამ “გავლენათა სფერო” გადაინაწილეს – ნადალი თიხის კორტებზე იმარჯვებდა, ფედერერი – დანარჩენებზე.
საკმაო ხნის განმავლობაში როჯერ ფედერერი 2 ტიტულის მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებდა. ეს შეჯიბრებები “როლან გაროსი” და ოლიმპიური თამაშების ერთეულთა თანრიგის ოქროს მედალია. პეკინის თამაშებზე როჯერს არ გაუმართლა – მოულოდნელად ჯეიმს ბლეიკთან წააგო, სამაგიეროდ თანამემამულე სტანისლას ვავრინკასთან იღბლიანი დუეტი შეკრა და წყვილთა თანრიგში გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2009-ში კი ფედერერმა სადიდსლემო ტურნირების “საჩემპიონო წრე შეკრა” – საფრანგეთის ღია პირველობაზე ნადალი შვედ რობინ სოდერლინგთან დამარცხდა, როჯერი კი, როგორც იქნა, “როლან გაროსის” ჩემპიონი გახდა. ამ მოვლენიდან ერთი თვის თავზე ფედერერმა უიმბლდონი მოიგო და სადიდსლემო გამარჯვებათა რაოდენობით (15) პიტ სამპრასს დაეწია. მალე კი როჯერს ტყუპი ქალიშვილები შეეძინა, რამაც გარკვეული დროით, ფედერერსა და მის მეუღლეს, მიროსლავა ვავრინეცს ყველა საჩოგბურთო მიღწევა დაავიწყა. 2010 წელს როჯერმა “მწვანე კონტინენტის” ღია საჩოგბურთო პირველობა მოიგო და დიდი სლემის შეჯიბრებებზე დაუფლებული საჩემპიონო ტიტულებით რეკორდსმენი გახდა.
2011 წელი ფედერერისთვის “უშედეგო” გამოდგა, რადგანაც როჯერმა დიდი სლემის ტურნირზე ვერ იმარჯვა, შარშან კი უიმბლდონის ფინალში შოტლანდიელი ენდი მარეი დაამარცხა და ამ რანგის შეჯიბრებებზე ტრიუმფულ გამოსვლათა რაოდენობა 17-მდე აიყვანა.
როჯერ ფედერერის წლევანდელ გამოსვლას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიმდინარე სეზონის განმავლობაში მას სამჯერ წააგო ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელიც კლასიფიკაციაში პირველ ასეულს მიღმაა. რეიტინგში დაქვეითებამაც არ დაახანა – სადღეისოდ როჯერი მისთვის შეუფერებელ, მეხუთე ადგილზეა...
დღეს როჯერ ფედერერს დაბადებიდან 32 წელი შეუსრულდა. იუბილარი როჯერი ახალი სტარტისთვის, ცინტინატის “მასტერზ1000”-ზე გამოსვლისთვის ემზადება. ფედერერი ამ შეჯიბრების შარშანდელი გამარჯვებულია (ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:0, 7:6 მოუგო) და მოახერხებს თუ არა ტიტულის შენარჩუნებას, მალევე შევიტყობთ.