საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდითა და სეოკ-ის დაფინანსებით, უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყლოსნო კომპლექს ”ოლიმპიკში" ცურვაში ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები იმართება.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული ანალოგიური სემინარები ფარიკაობაში, ტაეკვანდოსა და ჩოგბურთშიც ჩატარდა.
სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშოირისო ფედერაციამ (FINA) თბილიში საკმაოდ მაღალი რანგის ებრაელი სპეციალისტი ვლადიმერ ისურინი მოავლინა, რომელიც ჩვენი მწვრთნელებისთვის თეორიული მეცადინეობების გარდა, ახალგაზრდა სპორტსმენებს პრაქტიკულ ვარჯიშებსაც უტარებს.
ამ მეტად მნიშვნელოვან სემინარში საქართველოს მასშტაბით ცურვის 72 მწვრთნელი მონაწილეობს. სამწვრთნელო კვალიფიკაციას აიმაღლებენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის, საჩხერის, გორისა და რუსთავის წარმომადგენლები.
ვლადიმერ ისურინი ცურვის მწვრთნელთა მომზადებაში FINA-ს ექსპერტია. მის წიგნებს აშშ-ს ცურვის აკადემიაში იყენებენ როგორც სასწავლო სახელმძღვანელოს. იგი ოლიმპიურ თამაშებზე ექვსჯერ იყო ისრაელის გუნდის შემადგენლობაში, როგორც ცურვის მწვრთნელი.
”მე მქონდა ინფორმაცია, რომ სეოკ-ი ბოლო პერიოდში საწყლოსნო სპორტისადმი დიდ ინტერესს ამჟღავნებს და ეროვნულ ფედერაციასთანაც ამ მიმართულებით ნაყოფიერად თანამშრომლობს. ამიტომაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით გათვალისწინებული სემინარების საქართველოში ჩატარებას. მაღალი მიღწევების სპორტში მეცნიერება უფრო დიდი დოზით იკიდებს ფეხს და შევეცდები ჩემი გამოცდილება თქვენს მწვრთნელებს ამ კუთხითაც გავუზიარო” – აღნიშნა ვლადიმერ ისურინმა.
მიმდინარე კურსებს გამოეხმაურა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ირაკლი ბართაიაც. “მისასალმებელია, რომ სეოკ-ი სხვადასხვა ეროვნულ ფედერაციებს მსგავსი სემინარების ორგანიზებაში ეხმარება. ეჭვგარეშეა, რომ მაღალი დონის უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალოგიური ტიპის თეორიული მეცადინეობები ქართველ მწვრთნელებს სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ. საქართველოში დიდი ხანია მწვრთნელთა გადამზადება არ მომხდარა და კარგია, რომ ვლადიმერ ისურინი თავის ზღვა გამოცდილებას ქართველ მწვრთნელებს უზიარებს. მინდა სეოკ-ის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო კეთილი ნების გამოჩენისა და გვერდში დგომისთვის”.







