ჭადრაკი

20:51 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მუზიჩუკი, კონერუ, ძაგნიძე...

4 ტურის თავზე დილიჟანში მიმდინარე ქალთა 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის სერიის მე-2 ტურნირს 3 ლიდერი ჰყავს. სლოვენიელმა ანა მუზიჩუკმა (2593), ინდოელმა ჰამპი კონერუმ (2597) და ქართველმა ნანა ძაგნიძემ (2550) თავი 3-3 ქულას მოუყარეს და ტურნირის სათავეში სწორედ ხსენებული თანმიმდევრობით იმყოფებიან.

გასულ ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ანა უშენინას (2499) დაუპირისპირდა და უკრაინელ მოჭადრაკეს 25-ე სვლაზე დაუზავდა. მუზიჩუკმა შავებით აუტსაიდერი ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2511) დაამარცხა, ხოლო კონერუმ ტატიანა კოსინცევას (2526) სძლია.

ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვას (2531) სახით ძლიერი მეტოქე ჰყავდა ბელა ხოტენაშვილს (2531), რომელიც გრან-პრის პირველი ეტაპის გამარჯვებულია. ქართველმა მოჭადრაკემ ყაიმი 31-ე სვლაზე გააფორმა და 1.5 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

20 ივნისს გრან-პრიზე დასვენების დღეა, მორიგი მე-5 ტურის პარტიები კი 21 ივნისს შედგება. ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით კონერუს ეთამაშება, ხოლო ძაგნიძე შავებით კოსინცევას დაუპირისპირდება.

0.130769