რუსეთის პირველ დივიზიონში დაქვეითებულმა ვლადიკავკაზის “ალანიამ”, რომლის შემადგენლობაშიც მომავალი სეზონისთვის გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ემზადებიან, თურქულ შეკრებაზე ჩატარებული ერთადერთი ამხანაგური მატჩი ბოლომდე ვერ დაასრულა.
“ალანია” თურქეთის მესამე ლიგის “მურატფაშა ბელედიიესფორს” ეთამაშებოდა და პირველი ტაიმის მიწურულს სპარინგი ჩხუბის გამო შეწყდა. როგორც საფეხბურთო კლუბ “ალანიას” ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, თურქი ფეხბურთელები განსაკუთრებით ხოჯავას წინააღმდეგ უხეშობდნენ.
“მურატფაშას” მოთამაშეები, რომლებსაც შეგნებული ჰქონდათ, რომ გაცილებით სახელოვანი მეტოქის წინააღმდეგ უსუსურები იყვნენ, მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ ფეხბურთელებს “ბინძურად” ფეხებში ურტყამდნენ. განსაკუთრებით, მოწინააღმდეგის 14 ნომერი აქტიურობდა, რომელიც ხოჯავას ფეხებში რამდენჯერმე უკნიდან ძალიან უხეშად ჩაუხტა. თამაშის წესების სისტემატურმა დარღვევამ მინდორზე სიტუაცია დაძაბა და 45-ე წუთზე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგ, მეტოქე გუნდმა მოედანი დატოვა” – ნათქვამია “ალანიას” ოფიციალურ ვებგვერდზე.