რა მოხდება წლევანდელ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდეს? არცთუ რთული წარმოსადგენია რაც მოხდება. იქნება ბევრი სიმღერა, უფრო მეტი სიხარული და განუზომელი ბედნიერება მთელს ბრაზილიაში. მაგრამ, აი ის კი რთულად წარმოსადგენია მაშინ რა მოხდება, ბრაზილის ნაკრები ბრაზილიაში მეორედ რომ ვერ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. ამაზე ფიქრსაც კი ძალიან ღრმა ჩიხში შევყავარ. თან მით უმეტეს, ჩვენ უკვე ვიცით რაც მოჰყვა ბრაზილიის ვერგაჩემპიონებას 1950 წლის მუნდიალზე – დიდი არეულობა, ეკონომიკური კრიზისი და ბრაზილიელი ხალხის დიდი, უზარმაზარი შოკი.
რა მოხდება წელს მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა რომ გახდეს? არგენტინელთა ერთ ნაწილს ალბათ სიხარულით გაუსკდება გული, მეორე ნაწილს კი ექიმები სამუდამოდ აუკრძალავენ ფეხბურთის ცქერას. მსოფლიოს ჩემპიონობა ბრაზილიის მიწაზე – ეს იმდენად წარმოუიდგენელი ოცნებაა, რომ არგენტინელისათვის ამაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შესაძლებელია ბრიტანეთის მიერ ფოლკლენდის კუნძულების დაბრუნებაც კი არ იყოს. ბუენოს აირესი ალბათ სიამაყისაგან კოსმოსში გაფრინდება...
თუკი ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები გახდება, ანგელა მერკელი გერმანული ლუდით ერთი მაგრად გამოთვრება და მთვრალმა შეიძლება პუტინსაც კი დაურეკოს და მრავლისდამტევ გერმანულ ენაზე აგინოს. ამის გამო პუტინი გერმანიაში ჯარს ალბათ ვერ შეიყვანს, მაგრამ გაზს კი ძაან გაუძვირებს და მტერს და ავს გერმანიაში რომ ამბები დატრიალდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე კი, გერმანია თუ მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, “ბუნდესნაკრების” ამ თაობას შემდგომში ალბათ გერმანელ ფეხბურთელთა ყველა თაობაზე წინ დააყენებენ. ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონობა ჯერ აბა ურუგვაელთა გარდა ვის “გაუბედავს?”...
ბრაზილიის მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვება რასაკვირველია კიდევ ერთხელ გაახარებს და გააბედნიერებს ესპანელ ხალხს, მაგრამ გვარიანად მოუშლის ნერვებს დანარჩენ მსოფლიოს. ესპანეთის დიადმა ნაკრებმა ბოლო წლებში იმდენი რამ მოიგო, მათი კიდე ერთი ჩემპიონობა მთლად გადარევს ესპანელთა მოწინააღმდეგეებს და პირინეელთა მიმართ იმოდენა ზიზღი დაგროვდება, შესაძლებელია სრულიად დედამიწა წაილეკოს.
ბრაზილიაში თუკი “სკუადრა აძურამ” იპირველა, მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობის ალბათ 10-12 პროცენტს არ ეწყინება ეს ამბავი, რადგან ბრაზილიაში იტალიური ფესვების მქონე დაახლოებით ამდენი ადამიანი ცხოვრობს. აი დანარჩენი ბრაზილიელები რომ საშინელებას დაატრიალებენ – ეს ნამდვილად ვიცი. იტალიაში კი ისეთი სიხარული დაისადგურებს, შეიძლება ბედნიერებისაგან ცად მიმავალმა იტალიის მთავარმა პროკურორმა სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც კი გამოიტანოს სასამართლოდან.
თუკი მსოფლიო ჩემპიონი ინგლისის ნაკრები გახდება, ეს იმდენად უცნაური და მოულოდნელი ამბავი იქნება, რომ ინგლისელთა დიდი ნაწილი მთელი წელი დარეტიანებული ივლის. ხოლო ბრიტანეთის დედოფალს ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე დაუმალავენ, რადგან მისი ასაკის მქონე ადამიანისათვის ესოდენი დიდი სიხარული შესაძლოა კატასტროფით დამთავრდეს.
თუკი გატყდა ნავსი და მსოლიო ჩემპიონი წელს ჰოლანდიის ნაკრები გახდა, ჰოლანდიის საზოგადოების ათეისტური ნაწილი ღმერთს იწამებს, ამსტერდამის ლეგენდარული ფარნების ქუჩის მკვიდრნი კი უფასოდ მოემსახურებიან გამვლელსა და გამომვლელს.
საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონობის შემთხვევაში კი პირადად მე ვდებ პირობას (მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრების ქომაგი არასოდეს ვყოფილვარ) რომ კარგ ჯიშიან მამალს დავკლავ და ყველა ამ ბლოგის წამკითხველს მამლის ჩახოხბილსა და საფერავზე მოგიპატიჟებთ.