წლევანდელი კონფედერაციის თასის გათამაშება ფიფას ეგიდით რიგით მე-9 იქნება. ბრაზილიის 6 ქალაქის 6 სტადიონზე, ერთმანეთს კონტინენტების გამარჯვებულები, მსოფლიოს ჩემპიონი და თავად მასპინძელი ნაკრები დაუპირსიპირდებიან.
ურუგვაის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შანსი აქვთ, ფიფას ეგიდით ჩატარებული 3 ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. მოგეხსენებათ, ჩამოთვლილი ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონები და ოლიმპიადის ტრიუმფატორები უკვე არიან.
რაც შეეხება ტურნირის სისტემას: 8 გუნდი 2 ჯგუფადაა დაყოფილი, საიდანაც პლეი ოფში 4 ნაკრები გავა. 1/2-ფინალში, A ჯგუფის ლიდერი B ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, B ჯგუფის გამარჯვებული კი, შესაბამისად, A ჯგუფის მეორეადგილოსანს. დამარცხებულები მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ, გამარჯვებულები კი, ფინალურ მატჩში გაარკვევენ ურთიერთობას. ტურნირი სტარტს დღეს, ბრაზილიისა და იაპონიის მატჩით აიღებს და 30 ივნისს დასრულდება.
A ჯგუფი
ბრაზილია
იტალია
იაპონია
მექსიკა
B ჯგუფი
ნიგერია
ესპანეთი
ტაიტი
ურუგვაი
უდავოა, A ჯგუფის ფავორიტები ბრაზილიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები არიან. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ტურნირისთვის განსაკუთრებით ემზადებიან, რადგან საკუთარ კედლებში ასპარეზობენ, წელიწადის შემდეგ კი, იმავე სტადიონებზე, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა მოუწევთ. მოგეხსენებათ, კონფედერაციის თასს ხშირად “მუნდიალის რეპეტიციასაც” უწოდებენ, რადგან საორგანიზაციო (და არა მხოლოდ) საკითხებში, მასპინძელი ქვეყანა დიდ გამოცდილებას იძენს. ბრაზილიელთა დამატებითი მოტივაცია ისაა, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი ლუიშ ფელიპე სკოლარი გუნდში დაბრუნდა და პირველ დიდ ტურნირზე გაუძღვება ნაკრებს. ბრაზილიელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ისევე როგორც 2002 წელს, სკოლარი მომდევნო ზაფხულსაც აღმართავს ოქროს თასს.
რაც შეეხება ბრაზილიელთა შემადგენლობას, შეიძლება ითქვას, რომ სკოლარიმ არსებული რესურსი სრულად გამოიყენა და რჩეულ 23 ფეხბურთელს უხმო. ერთადერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა ის იყო, რომ 7 ივნისს, თავდამსხმელმა ლეანდრო დამიაომ ტრავმა მიიღო და მისი ადგილი ჟომ დაიკავა.
კონფედერაციის თასზე მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს იტალიის ეროვნულ ნაკრებსაც. ევრო 2012-ის ფინალისტები ტურნირისთვის აქტიურად ემზადებოდნენ და სასურველ ფორმაშიც არიან. ჩეზარე პრანდელის განკარგულებაში, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, ახალგაზრდა და ტიტულებზე დამშეული ფეხბურთელებიც მრავლად არიან, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ “სკუადრა აძურა” იოლად არაფერს დათმობს.
2009 წელს, კონფედერაციის თასზე, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა, მაგრამ ამის შემდეგ, 2010 და 2012 წლებში, “ფურია როხამ” გაიბრწყინა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ევროპის ჩემპიონობასაც დაეუფლა. ცხადია, ესპანელებს მორიგ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვების უდიდესი სურვილი და რაც მთავარია, შანსი აქვთ. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლება.
ესპანელები ბრაზილიაში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდნენ, მაგრამ როგორც გუნდის თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ამბობს, მთავარი პრობლემა შეტევის ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში დავიდ ვილია, ფერნანდო ტორესი, პედრო როდრიგესი და რობერტო სოლდადო არიან, დელ ბოსკეს თავის ტკივილი მაინც არ ასვენებს. სავარაუდოდ, ესპანელები ერთი გამოკვეთილი ფორვარდით იასპარეზებენ. ესპანელ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, სადღეისოდ, ჩამოთვლილთაგან საუკეთესო ფორმაში სოლდადოა და დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაშიც დაიკავებს ადგილს.
სტადიონები:
“მინეირანი” (ბელუ ორიზონტი) – ტევადობა: 62547
“მარაკანა” (რიო დე ჟანეირო) – 76804
“ნაციონალური არენა” (ბრაზილია) – 70064
“ფონტე ნოვა” (სალვადორი) – 48747
“პერნამბუკუ” (რესიფი) – 44248
“კასტელაო” (ფორტალეზა) – 64846
15 ივნისი: ბრაზილია – იაპონია.
16 ივნისი: მექსიკა – იტალია, ესპანეთი ურუგვაი.
17 ივნისი: ტაიტი – ნიგერია.
19 ივნისი: ბრაზილია – მექსიკა, იტალია – იაპონია.
20 ივნისი: ესპანეთი – ტაიტი, ნიგერია – ურუგვაი.
22 ივნისი: იაპონია – მექსიკა, იტალია – ბრაზილია.