ძიუდო

10:19 | 23.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

მსუბუქი ქართველების მძიმე დღე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატი უსუსურად გახსნა. გუშინ ავსტრიის დედაქალაქ ვენის ტატამზე 2 ქართველი გავიდა და შეჯიბრს ორივე საწყის ეტაპებზევე გამოეთიშა. დავით ასუმბანი (60 კგ) და შალვა ქარდავა (66 კგ) მერვედფინალში დამარცხდნენ და ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს შანსი ერთდროულად დაკარგეს, რადგან რეპეშაჟში გადასასვლელად მეოთხედფინალამდე მისვლა იყო საჭირო.
ასუმბანი ტატამზე ერთადერთხელ გავიდა. კენჭისყრამ იგი პირველ წრეში დაასვენა და პირდაპირ მერვედფინალში მოახვედრა, სადაც რუს ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა. შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გადაწყდა. ორივე ძიუდოისტს გაფრთხილებების ხარჯზე თითო იუკო ჰქონდა ანგარიშზე და მაშინ, როცა ყველა ოქროს დროზე ფიქრობდა (მუდრანოვის გარდა), დავით ასუმბანი ვაზარზე დავარდა.
გადამწყვეტ ილეთამდე ათიოდ წამით ადრე ქართველი ძიუდოისტი სულაც იგებდა, მაგრამ დაღლილი ძალიან გაპასიურდა და მსაჯს ანგარიშის გამთანაბრებელი შიდო “დასტყუა”.
60 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ფრანგი სოფიან მილუ გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელთა ჯილა და ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, ლუდვიგ პაიშერი დაამწუხრა. იქამდე სწორედ პაიშერმა გადაუღობა ფინალის გზა ასუმბანის მძლეველ რუსს.
მსუბუქი წონის უმთავრესი მოულოდნელობა კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველის, გიორგი ზანთარაიას უმედლოდ დარჩენა იყო. ოქრო-ვერცხლზე ფიქრი მას მეოთხედფინალში, მომავალმა ჩემპიონმა დაასრულებინა. ხოლო რეპეშაჟში ჰოლანდიელმა ხეროენ მურენმა დაჩაგრა.
შალვა ქარდავამ ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა – იტალიელ ენრიკო პარლატის იუკოთი აჯობა, მაგრამ მერვედფინალში, სომეხ არმენ ნაზარიანთან მეხუთე წუთზე იპონზე დავარდა. მნიშვნელოვანი როლი აქაც ქართველის ნაადრევმა დაღლამ შეასრულა.
ნაზარიანს მეოთხედფინალში ესპანელმა ურიარტემ სძლია. მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა შემდეგ ავსტრიელი ანდრეას მიტერფელნერი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, უნგრელი მიკლოშ უნგვარიც ჩამოიცილა და ოქროს მედალს დაეუფლა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი მიტერფელნერი და სლოვენიელი როკ დრაკშიჩი ავიდნენ.
გუშინვე, ჩემპიონები ქალთა 3 წონით კატეგორიაში: 48, 52 და 57 კილოგრამებშიც გათამაშდა და გამორჩეულად რუმინელმა ქალებმა იყოჩაღეს – 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. მესამე ოქრო რუსმა მოინაგრა.
დღეს ევრომედლები მამაკაცთა 73 და 81 და ქალთა 63 და 70 კილოგრამებში გათამაშდება. ამირან ტოტიკაშვილის შეგირდთაგან ავსტრიულ ტატამზე ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) გავლენ.
კედელაშვილი ჩემპიონატს ბელარუსი ვიტალი შაულიუკით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში სავარაუდოდ ესტონელ კინტერ როტბერგს დაუპირისპირდება, ხოლო მეოთხედფინალში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორს, ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს.
წიკლაურს შედარებით იღბლიანი წილისყრა შეხვდა. მისი პირველი მეტოქე ლიტველი რადვილას მატუკასი იქნება. ქართველის ბადეში გამოსარჩევი ფრანგი ანტუან ჯანინია. ქართულ-ფრანგული გზა მეოთხედფინალში იკვეთება. საპირისპირო ბადეში გაცილებით ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ფინალის ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ ბრიტანელი იან ბარტონი, აზერბაიჯანელი ელხან რაჯაბლი, ჰოლანდიელი ჯილომ ელმონი, რუსი სირაჟუდინ მაგომედოვი, იტალიელი ანტონიო ჩიანო და პორტუგალიელი სერგიუ ტომა.


ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
22 აპრილი

კაცები


60 კგ
1 სოფიან მილუ (საფრანგეთი)
2 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია)
3 ხეროენ მურენი (ჰოლანდია)
3 ელიო ვერდე (იტალია)

66 კგ
1 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)
2 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3 ანდრეას მიტერფელნერი (ავსტრია)
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

ქალები

48 კგ

1 ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 ოიანა ბლანკო (ესპანეთი)
3 შერლინ ვან სნიკი (ბელგია)

52 კგ
1 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)
2 როსაბელა ფორჩინიტი (იტალია)
3 პენელოპე ბონა (საფრანგეთი)
3 ილსე ჰეილენი (ბელგია)

57 კგ
1 ოანა კაპრიორიუ (რუმინეთი)
2 საბრინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089208