საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 12 თებერვალს, უნგრულ ტატამზე მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ კი შუკვანის გარდა, სანდრო იაკობაშვილმა (66 კგ) და ზებედა რეხვიაშვილმაც (73 კგ) იჭიდავეს. რეხვიაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველსავე მეტოქესთან – სერბ მილოშ მიალკოვიჩთან დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი პირველ ყოვლისა, არასაკმარისმა ფიზიკურმა მომზადებამ დააღალატა. საშინლად დაიღალა და ოქროს დროში ვაზარზე წამოეგო. იაკობაშვილი მოლდოველ იგორ სოროკასთან ვაზარს აგებდა, მაგრამ ორჯერ მოახერხა ასევე ვაზარის შესრულება და მეოთხე წუთზე იმარჯვა. პორტუგალიელ სერხიუ ოლეინიჩს ორი გაფრთხილების გამო, მოპოვებული იუკოთი გასცდა. მერვედფინალში, ფრანგ პიერ დუპრასთან, ასევე უილეთო შეხვედრის ბედი კვლავ ორმა შიდომ გადაწყვიტა. ამჯერად იაკობაშვილის მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.
შუკვანი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას სომეხმა ჰოვანეს დავთიანმა მეოთხედფინალიდან გამოთიშა, მესამე წუთზე შესრულებული მტკივნეული ილეთით. რეპეშაჟში გადართულმა ქართველმა მსუბუქწონოსანმა, ჯერ მექსიკელი კასტილიო ნაბორი დააიპონა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი - ბრაზილიელ ბრენო ალვეშს აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დავთიანთან დაპირისპირებამდე, ბეთქილ შუკვანმა ბელგიელი დამიენ ბომბუა და პერუელი ხუან პოსტიგოსი იპონ-იპონ ჩამოიცილა.
60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იაპონელები – ჰიროფუმი იამამოტო და ჯუნპეი მორიშიტა ავიდნენ. 66-ში სულაც, იაპონური ფინალი შედგა. 73-ში კი ოქროს მედლისთვის ერთმანეთს მასპინძლები – ატილა და მიკლოშ უნგვარები დაეჭიდნენ და ჩემპიონი ატილა გახდა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ დავით კარბელაშვილი (81 კგ), ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი (ორივე 90 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო. მსოფლიოს თასი
ბუდაპეშტი. 12 თებერვალი
60 კგ
1 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
2 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
3 ფელიპე კიტადი (ბრაზილია)
66 კგ
1 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)
2 მასაში ებინუმა (იაპონია)
3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
3 არმენ ნაზარიანი (სომხეთი)
73 კგ
1 ატილა უნგვარი (უნგრეთი)
2 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3 იასუჰირო ავანო (იაპონია)
3 რიკი ნაკაია (იაპონია)







