ჭადრაკი

15:28 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს თასს ოთხნი შემორჩნენ

ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიოს თასის გათამაშებაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ოთხი უძლიერესიდან სამი რუსეთის წარმომადგენელია. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დიმიტრი ანდრეიკინი და ევგენი ტომაშევსკი, ხოლო მეორე წყვილი ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ვლადიმერ კრამნიკმა შეადგინეს.

თუ პლანეტის ყოფილი ჩემპიონის და მსოფლიოს რეიტიინგ-სიის მესამე ნომრის კრამნიკის იოლი გასეირნება ნახევარფინალამდე მოსალოდნელი იყო, სრული მოულოდნელობაა დანარჩენი ნახევარფინალისტების წარმატება. თუმცა, თითოეულმა მათგანმა საკმაოდ რთული და დაძაბული ბრძოლები გაიარა სანუკვარ მიზნამდე მისაღწევად.

 ტომაშევსკიმ ნახევარფინალამდე რამირეზი, სოუ ვესლი, მსოფლიოს მეორე ნომერი არონიანი, მოროზევიჩი და კამსკი დაამარცხა.

ანდრეიკინის მსხვერპლნი – დარინი, ნგუენი, დრეევი, მსოფლიოს მეათე რეიტინგოსანი კარიაკინი და სვიდლერი შეიქმნენ.

ვაშიე-ლაგრავის აქტივშია გამარჯვებები შაბალოვთან, ორტიზ-სუარესთან, დომინგესთან, 2012 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩის ფინალისტ ბორის გელფანდთან და მსოფლიოს მეხუთე ნომერ კარუანასთან.

ამასთანავე, სამივე მათგანმა ძირითადად დამატებით ტაი-ბრეიქებში მოიპოვა გამარჯვება, განსხვავებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონ კრამნიკისგან, რომელიც შედარებით იოლად გავიდა ნახევარფინალში და გზად ბვალიას, ქობალიას, არეშჩენკოს, ივანჩუკს და კორობოვს მოუგო.

ნახევარფინალში მონაწილეები ერთმანეთს 2 პარტიისგან შემდგარ მინი-მატჩში შეეჯიბრებიან, გამარჯვებულთა ფინალური შეხვედრა კი უკვე 4 პარტიისგან შედგება.

 მსოფლიოს თასის საპრიზო ფონდი 1 600 000 დოლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 120 000-ს მიიღებს, ხოლო პირველივე წრეში დამარცხებულები (64 მონაწილე)– 6 000-ს.

მეორე წრეში დამარცხებულებს (32 მონაწილე) – 10 000 დოლარი ერგებათ, შემდეგ კი თანხები ასე ნაწილდება: მესამე წრე (16 მონაწილე) – 16 000, მეოთხე წრე (8 მონაწილე) – 25 000, მეხუთე წრე (მეოთხედფინალი, 4 მონაწილე) – 35 000, მეექვსე წრე (ნახევარფინალი, 2 მონაწილე) – 50 000, მეშვიდე წრე (ფინალი) – დამარცხებული 80.000 დოლარს დასჯერდება, ხოლო გამარჯვებული 120 000-ს მიითვლის.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124514