ხვალ-ზეგ თბილისის სპორტის სასახლე, ძიუდოს მსოფლიოს თასს უმასპინძლებს. ტატამზე 20-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი გავა. პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად, 28 ქართველიც იბრძოლებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტატამზე 2010 წლის საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებს გაიყვანს და ვინც ამჯერადაც იყოჩაღებს, მათ საერთაშორისო ტურნირებზეც მისცემს თავის გამოჩენისა და ნაკრებში დამკვიდრების შანსს.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, მედლები პირველ-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით დავით ასუმბანი, ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი და ტრისტან ფეიქრიშვილი იჭიდავებენ, 66 კილოგრამში – შალვა ქარდავა, გიორგი შოშიაშვილი, არსენ მაჭარაშვილი და ლევან ჩუბინიძე, ხოლო 73-ში – თენგიზ პაპოშვილი, ზურაბ ნოზაძე, ზვიად ბაზანდარაშვილი და ამბაკო ავალიანი.
ამ ძიუდოისტთაგან ორი საქართველოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. მერებაშვილსა და მაჭარაშვილს, წინასწარი გეგმით, მსოფლიოს თასზე მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ, მაგრამ განაცხადში ბრინჯაოს პრიზიორების – ვაჟა მარგველაშვილისა (60 კგ) და სანდრო იაკობაშვილის (66 კგ) ნაცვლად ჩაეწერნენ.
“მარგველაშვილი ახალგაზრდული ნაკრების წევრია და სავარაუდოდ, ძირითად გუნდში ზედმეტ დატვირთვას მომავალ საერთაშორისო შეჯიბრებაზეც ავარიდებთ, აჩქარებამ უკუშედეგი რომ არ მოგვცეს. იაკობაშვილის განაცხადიდან ამოღების მიზეზი კი, შეუძლოდ ყოფნა გახდა და მას თავის გამოჩენის შანსს რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე მივცემ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ნაკრების თავკაცმა, სოსო ლიპარტელიანმა.
81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, საქართველოს პირველობის მედალოსნებს მხოლოდ ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) დააკლდება. შიდა კონკურენციის მოქმედ ჩემპიონს წელის ტრავმა აწუხებს და მწვრთნელმა მალხაზ ნიჟარაძით ჩაანაცვლა. აქვე, ამ ოთხი წონის სრული ქართული განაცხადიც:
81 კგ – გიორგი ბაინდურაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, დავით კარბელაშვილი; 90 კგ – ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი, არჩილ შინჯიკაშვილი, გიორგი ცოციაშვილი; 100 კგ – მალხაზ ნიჟარაძე, დავით ლორიაშვილი, კონსტანტინე მუკვანი, რევაზ ჩიკოიძე; +100 კგ – ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ნოდარ მეტრეველი, ვახტანგ ზოიძე.
თბილისის მსოფლიოს თასს, ტრიბუნიდან თვალს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, მარიუს ვიზერი მიადევნებს, რომელიც უკვე საქართველოშია და რამდენიმე საქმიან შეხვედრაშიც მოასწრო მონაწილეობის მიღება.
აქვე, ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტიც – ხვალ აქტიური სპორტიდან ოფიციალურად გააცილებენ თანამედროვე ქართული ძიუდოს ვარსკვლავებს, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს და ვერცხლის პრიზიორ ნესტორ ხერგიანს.
დაბოლოს, მსოფლიოს თასის წინასწარი შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება, გადამწყვეტი ბრძოლები – 17:00 საათისთვის იგეგმება და მათ პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. მსოფლიოს თასზე დასასწრები ბილეთი კი, 3 ლარი ეღირება.
ოთარ მაღლაკელიძე







