ძიუდო

12:03 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონები თბილისში არიან

 

მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რამდენიმე საათის წინ საქართველოში დაბრუნდა. გამარჯვებული გუნდის დასახვედრად თბილისის აეროპორტში 300-მდე ადამიანი მივიდა. მათ შორის სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, ვეტერანი და მოქმედი ძიუდოისტები, ნათესავები, ნაცნობ-მეგობრები და უბრალო გულშემატკივრები.

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მოპოვებული თასი აეროპორტის ფოიეში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ, ყვარლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული “მრავალჟამიერის” თანხლებით გამოიტანეს.

“ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველოს უძლიერესი ნაკრები ჰყავს და ეს აგერ უკვე მერამდენედ დაამტკიცა. ბრაზილიურ ჩემპიონატზე გუნდმა მართლა სამაგალითოდ იჭიდავა და ბრწყინვალე შედეგიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ინდივიდუალურ პირველობაზე უფრო უკეთ გამოვსულიყავით, მაგრამ ორი დასანანი ფინალი წავაგეთ. მინდა მადლობა ვუთხრა ძიუდოისტებს და ნაკრების მწვრთნელებს თავდადებული შრომისთვის” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” დავით ქევხიშვილმა.

სპორტსმენთაგან პირველი რიო დე ჟანეიროს ტატამზე ოქრო-ვერცხლის მომგები ავთანდილ ჭრიკიშვილი მოვიხელთეთ.

- ჩვენისთანა შეკრული და ერთი მიზნისთვის სულით და გულით მებრძოლი ნაკრები არავის ჰყავდა და ალბათ მიზნის მიღწევაში ესეც დაგვეხმარა. ამ გამარჯვებაში ნაკრების თითოეულ წევრს შეუფასებელი წვლილი მიუძღვის. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი მეც ვარ.

- გუნდურ პირველობაზე ფრანგი ლუის პიეტრის ძლევის შემდეგ ალბათ კიდევ უფრო მეტად დაგწყდათ გული, რომ ამ სპორტსმენთან ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალში დამარცხდით...

- მართლა ასეა. პიეტრის მოგება პირველ შეხვედრაშიც შეიძლებოდა, მაგრამ სულ ცოტა დამაკლდა. არადა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლის მოპოვება შემეძლო.

ვარლამ ლიპარტელიანი:

- ბრაზილიაში ნავსი გატეხე და უხერხული მეტოქე კირილ დენისოვი პირველად დაამარცხე...

- დენისოვთან ხუთი შეხვედრა მქონდა წაგებული. თან უმეტეს შემთხვევაში, წარმატებამდე სულ ცოტა მაკლდებოდა. ხან რა იყო მიზეზი და ხან რა. მეტოქე მართლა კარგად შევისწავლე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად მე ვაჯობებდი. მართლაც, ინდივიდუალურში ძალიან ადვილად დავამარცხე. გუნდურში კი ჩემი და მისი ჭიდაობისას 0:2-ს ვაგებდით და ოდნავ რისკსაც კი ვერიდებოდი. მეორე შეხვედრაშიც ტაქტიკურად მოვუგე.

- ინდივიდუალურის ნახევარფინალში რუსთან მოგებით გამოწვეული ეიფორია ხომ არ იყო ფინალში, კუბელ ეშლი გონზალესთან წაგების მიზეზი?

- ეს კითხვა ბრაზილიაშიც ბევრმა დამისვა. ეიფორია და ფსიქოლოგიური მომენტი აბსოლუტურად არაფერ შუაშია. ფინალსაც ისეთივე შემართებით მივუდექი, როგორც ნახევარფინალს, მაგრამ კუბელი ძიუდოისტი ჩემთან შესახვედრად ტაქტიკურად უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე მე, მასთან საჭიდაოდ.

ირაკლი უზნაძე:

- ყველა ქართველს ვულოცავ ამ წარმატებას. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები გეგმის მიხედვით, ზედმიწევნით თანმიმდევრულად გავიარეთ და ნაკრებმა საკმაოდ კარგი ჭიდაობა აჩვენა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში ფინალში გადასასვლელი შეხვედრა ვიჭიდავეთ. ცხადია, უკეთესად გამოსვლაც შეიძლებოდა – ოქროს მედლის გარეშე დარჩენამ ძალიან დამწყვიტა გული. განსაკუთრებით ავთანდილ ჭრიკიშვილის დაკარგულ შანსს გამოვარჩევ, რომელიც მნიშვნელოვანწილად არაკორექტული მსაჯობის შედეგია. ფრანგი ძიუდოისტი ყველაფერს აკეთებდა, რომ ბრძოლას გარიდებოდა, მაგრამ გადამწყვეტი გაფრთხილება არა და არ მისცეს.

- ლაშა შავდათუაშვილის წარუმატებელი ჭიდაობა რისი ბრალი იყო?

- ინდივიდუალურ ჩემპიონატში ლაშამ საკმაოდ კარგად იჭიდავა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მოდუნება ძვირად დაუჯდა. გუნდურში კი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ზედმეტი წონის კლება იყო. ორ დღეში ორჯერ მოუხდა ზედმეტი 7 კილოგრამის დაკლება და თავისი შესაძლებლობები ვეღარ გამოავლინა. მაგრამ მისი გუნდში ყოფნა ნაკრების წევრებისთვის დამატებითი მუხტი იყო.

ზურაბ კახაბრიშვილი:

- ვფიქრობდით, გუნდურში შავდათუაშვილი აღარ დაგვეტვირთა, რადგან მოკლე დროში ორჯერ უწევდა ზედმეტი წონის კლება, მაგრამ კატეგორიულად იუარა – მე ბიჭების გვერდით უნდა ვიდგეო. წონის დაკლებამ ძალიან ცუდად კი იმოქმედა მასზე, მაგრამ თბილისისკენ მგზავრობისას ნაკრების ყველა წევრმა აღნიშნა, რომ ლაშა შავდათუაშვილის ყოველი ტატამზე გასვლა მათთვის სასწაული სტიმული იყო.

- ინდივიდუალური პირველობის ერთ-ერთ შეხვედრაში ზებედა რეხვიაშვილს ძველებურად, დაღლა დაეტყო. არადა წლეულს, ევროპის ჩემპიონატზე ეს პრობლემა მოგვარებული იყო...

- მიზეზი ისაა, რომ ზებედას პოლიპების პრობლემა აქვს და ოპერაცია სჭირდება. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რომ ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება მიგვეღო, მაშინ ბრაზილიაში ვეღარ იჭიდავებდა. ახლა კი აუცილებლად გაიკეთებს ოპერაციას.


0.141402