დღეს მოსკოვში მიმდინარე სეზონის უმთავრესი საჭიდაო კვირეული იხსნება - რუსეთის დედაქალაქი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 6-12 სექტემბერს გასამართი ჩემპიონატის პირველი-სამი დღე ბერძენ-რომაელებისაა. კლასიკოსები ჩემპიონ-პრიზიორებს დღეიდან ოთხშაბათის ჩათვლით გამოავლენენ.
გუშინ საღამოს, მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ სამი წონითი კატეგორიის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა, რომლებშიც მედლები დღეს უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ლაშა გოგიტაძე (55 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) გავლენ. ქართული სამეულის უკვე გამოვლენილ და სავარაუდო მეტოქეებზე აქვე მოგახსენებთ.
ლაშა გოგიტაძე ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება, ჩეხ იან ჰოკოსთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი მერვედფინალში სავარაუდოდ ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ფინელ იანი ჰააპამაკს დაუპირისპირდება. სატურნირო ბადეში ქართველის მხარეს მოხვდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ირანელი ჰამიდ რეინჰაპურ სორიანიც. მისი და გოგიტაძის გზები მეოთხედფინალში იკვეთება. პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რუსი ნაზირ მანკიევი კი საპირისპირო ბადეშია.
წილისყრა პირველ წრეში მანუჩარ ცხადაიასაც (66 კგ) დაასვენებს. მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი მოსკოვურ ხალიჩაზე პირველ შეხვედრას სომეხ არმან ადიკიანთან გამართავს და თუ აჯობებს, მერვედფინალში აზერბაიჯანელ ვიტალი რაჰიმოვსა და ინდოელ კუმარ სუნილს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი დიდი შანსია, ამბაკო ვაჩაძეს გადაეყაროს. რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველს ცხადაიამ შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე სძლია. რამდენიმე თვით ადრე კი, ევროპირველობაზე დამარცხდა და ვაჩაძე ევროპის ჩემპიონიც გახდა. 66 კილოგრამში ოლიმპიური ფავორიტების ხსენებისას ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი სტივ ჟენოც არ უნდა დაგვავიწყდეს. იგი წილისყრამ მანუჩარ ცხადაიას საპირისპირო ბადეში განთესა.
სოსო ჯაბიძეც (96 კგ) მეორე წრიდან გავა ხალიჩაზე. მისი პირველი მეტოქე ეგვიპტელი მუჰამედ იბრაჰიმ აბდელფათაჰი იქნება. ამ წყვილიდან გასული კი უზბეკეთის სახელით მოჭიდავე დავით სალდაძესა და ირანელ ამირ აზიზ ალიაკბარს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ამავე ბადეშია უხვტიტულა რუსი ასლანბეკ ხუშტოვიც.
7 სექტემბერს, ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქმეში რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) ჩაერთვებიან, წერტილს კი, 8-ში, 74-კილოგრამი დასვამს. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ოლიმპიური მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია გავა.
ოთარ მაღლაკელიძე







