სლოვაკეთის ქალაქ სნინაში გამართული ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ქართულ-ამერიკული ფინალით და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ექვსდღიანი შეჯიბრების ბოლო ორ დღეს ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმო – შაბათ-კვირას მედლების ხუთ-ხუთი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა კი შეჯიბრება 3 მედლით დაასრულა.
ქართული გუნდის წევრთაგან ყველაზე შედეგიანად გივი მაჭარაშვილმა (100 კგ) იჭიდავა – ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივეში დამაჯერებლად იმარჯვა და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ოქროთი გააუმჯობესა.
ფინალამდე მაჭარაშვილი ისე მივიდა, არც ერთი მეტოქისთვის მცირე შანსი არ დაუტოვებია. იაპონელი ჰიროტო ნინომია და ირანელი ნაეიმ ჰასანზადე ერთნაირი ანგარიშით - 10:0 დაამარცხა, ხოლო რუსეთის ნაკრების წევრ ალან ქელეხსაევს 7:0 აჯობა.
გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი მძიმეწონოსანი ამერიკელ ჯორდან ვუდს დაუპირისპირდა და პირველი ქულა მასთან დაკარგა, მაგრამ თავად 6 აიღო და მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსნის ტიტული დაისაკუთრა.
დღესვე, სლოვაკურ პოდიუმზე შმაგი თოდუაც (54 კგ) ავიდა. თეიმურაზ ვანიშვილს (46 კგ) კი საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.
თოდუამ ძირითად ბადეში გამოსვლა პოლონელი პატრიკ ოლენჩინის (7:4) ძლევით დაიწყო. მეორე წრეში უზბეკი აბოს რახმონოვი (6:1) ჩამოიცილა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ვადიმ ბიკოევთან წააგო (5:9). “ბრინჯაოს ფინალში” კი ყაზახ ბეგდაულეტ იერმეკს ბოლო ქულის უპირატესობით აჯობა (1:1).
ვანიშვილმაც ნახევარფინალში დაკარგა ოქრო-ვერცხლის შანსი და თოდუას მსგავსად, მისთვისაც რუსეთის ნაკრების წევრი აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი – ქართველი ჭაბუკი ხაჯი დენილხანოვთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა (11:12). რეპეშაჟის გადამწყვეტ შეხვედრაში კი მონღოლ ნასანბუიან ნარმანდახთან ვეღარას გახდა (0:13) და მე-5 ადგილს დასჯერდა.
ამ ორ წაგებამდე თეიმურაზ ვანიშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: რუმინელი შტეფან კომანი (2:1), იაპონელი ტოშიია აბე (7:5) და ბულგარელი მიტკო სტოიკოვი (4:2).
დღეს სლოვაკურ ხალიჩაზე მედლები 63 და 76 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. საქართველოს სახელით საქმეში ივერი ჯულაყიძე (63 კგ) და მექი სიმონია (76 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ ტურნირზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.
ჯულაყიძე პირველ წრეში დამარცხდა იტალიელ მასიმილიანო ჩიარასთან (4:5) და მალევე ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან მისმა მძლეველმაც საწყის ეტაპზევე წააგო.
სიმონიამ მსოფლიოს პირველობა ბულგარელ დეილო მიხალევთან მოპოვებული გამარჯვებით (12:5) გახსნა, მაგრამ ამერიკელ მარკ ჰალთან ვეღარას გახდა (1:8) და მას მერე, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, თავად დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად მექი სიმონიას სამი მეტოქის ძლევა სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთს – იტალიელ სიმონე ინატონის გასცდა (10:0), ინდოელ სინხ სურენდერთან შეხვედრა კი ფრედ (10:10) დაასრულა და ეს ანგარიში ხელს ინდოელს აძლევდა. საბოლოოდ, სიმონიამ ჩემპიონატი მე-7 ადგილით დაასრულა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე მსოფლიოს პირველობის პირველი დღის შემდეგ ერთი მედალი იყო. შეგახსენებთ, გიორგი ხაჩიძე (42 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
სნინა. სლოვაკეთი
19 ივლისი
42 კგ
1 ალირეზა გოუდარზი (ირანი)
2 მაქსიმ ზამორშნიკოვი (რუსეთი)
3 გიორგი ხაჩიძე (საქართველო)
3 დაიგო ჰატორი (იაპონია)
50 კგ
1 სპენსერ ლი (აშშ)
2 აფგან ხაშალოვი (აზერბაიჯანი)
3 ნიკოლაი გრაჰამეცი (მოლდოვა)
3 ნადერ ნასრისამაკუში (ირანი)
7 გაიოზ გონგლაძე (საქართველო)
58 კგ
1 დავით ბაევი (რუსეთი)
2 მხირ ამირასლანოვი (აზერბაიჯანი)
3 მოჯიტაბა ამუზადი (ირანი)
3 კუატბეკ მუხამბეტი (ყაზახეთი)
5 მამუკა ჩაჩუა (საქართველო)
69 კგ
1 მასონ მანვილი (აშშ)
2 რადიკ ვალიევი (რუსეთი)
3 ალბერტს იურჩენკო (ლატვია)
3 პრიტამ პრიტამი (ინდოეთი)
85 კგ
1 შამილ სადულაიევი (აზერბაიჯანი)
2 სემიჰ იაზიჩი (თურქეთი)
3 ილია მატუხინი (გერმანია)
3 კარამჯიტ კარამჯიტი (ინდოეთი)
20 ივლისი
46 კგ
1 ერფან აეინი (ირანი)
2 ხაჯი დენილხანოვი (რუსეთი)
3 ნასანბუიან ნარმანდახი (მონღოლეთი)
3 იერბულან სარკიტბაიევი (ყაზახეთი)
5 თეიმურაზ ვანიშვილი (საქართველო)
54 კგ
1 ანდრეი იაცენკო (უკრაინა)
2 ვადიმ ბიკოევი (რუსეთი)
3 შმაგი თოდუა (საქართველო)
3 კავეჰ რაჰმატაბი (ირანი)
63 კგ
1 თეიმურ მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 ელბრუს ვალიევი (რუსეთი)
3 ამირეზა აკბერზადეჰ მაჰა (ირანი)
3 ტარო უმებაიაში (იაპონია)
76 კგ
1 მარკ ჰალი (აშშ)
2 სუმიიაბაზარ ზანდანბუდი (მონღოლეთი)
3 სოსლანბეკ ლაოევი (რუსეთი)
3 იაჟურო იამასაკი (იაპონია)
100 კგ
1 გივი მაჭარაშვილი (საქართველო)
2 ჯორდან ვუდი (აშშ)
3 დიმიტრი ჩეაკუსტა (მოლდოვა)
3 ნაეიმ ჰასანზადე (ირანი)