ბრაზილიელმა მსაჯმა საბინო მარკესმა, რომელიც ქალაქ მანაუსიდანაა წარმოშობით, წამოაყენა იდეა, რომ ადგილობრივი სტადიონი, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ოთხ მატჩს უნდა უმასპინძლოს, სამომავლოდ ციხედ გადააკეთონ.
საქმე ისაა, რომ მანაუსში არაა საფეხბურთო კლუბი, რომელიც ნაციონალური ჩემპიონატის პირველ, ან მეორე დივიზიონში გამოდის და ამიტომ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 275 მილიონი დოლარის ღირებულების სტადიონი ცარიელი დარჩება.
“შექმნილი სიტუაციიდან სხვა გამოსავალს, უბრალოდ ვერ ვხედავ. სტადიონი საუკეთესო ადგილია პატიმრების გასაჩერებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ცარიელი შენობა, სანამ მთავრობა არ გადაწყვეტს ციხის აშენების პრობლემას”, - განუცხადა მსაჯმა Bloomberg-ს.
მთავრობის წევრები ჯერჯერობით უარს ამბობენ ამ წამოწყების კომენტირებაზე და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სპორტული ობიექტის სტატუსის შეცვლის განაცხადით, მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს.