საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი “ლოკომოტივის” სტადიონს ესტუმრა და ქალ მშვილდოსანთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო. თამაზ ფუტკარაძის გაწვრთნილი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და ასმათ დიასამიძე შედიან, 30 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და მსოფლიოს თასის მესამე ეტაპში ჩაერთვება.
მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა მამუქა ქაცარავამ მინისტრს, მის მოადგილე დავით ნამგალაურსა და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროს გია გალდავას თავდაპირველად “ლოკომოტივის” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასროლეთი უჩვენა, შემდეგ კი სტადიონის არენაზე მოვარჯიშე სპორტსმენებიც მოინახულეს.
“წლეულს ჩვენი ნაკრები ყველა ტურნირზე შედეგიანად გამოვიდა და ამერიკაშიც წარმატების იმედი გვაქვს. სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი. შემოდგომაზე ნაკრების მზადების პროცესში სამხრეთ კორეელი და იაპონელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან, რომელთაც თბილისში ჩამოვიყვანთ. კორეელი ტექნიკურ მხარეზე იმუშავებს, იაპონელი კი ფსიქოლოგიურ მომზადებას უზრუნველყოფს. ამ უცხოელების დახმარება ჩვენს მშვილდოსნებს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგებათ" – განაცხადა მამუკა ქაცარავამ.
სპორტის მინისტრმა თავად სცადა მშვილდის გასროლა, მაგრამ ისარი სამიზნეს ვერ უწია. იქამდე კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ქართველი მშვილდოსნები უკვე ორი კვირაა, “ლოკომოტივის” სტადიონზე ვარჯიშობენ. კარგად არიან მომზადებულები და იმედია, წარმატებას მიაღწევენ. მშვილდოსნებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ყურადღება ნამდვილად არ მოაკლდებათ, სამაგიეროდ, მათგან ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს ველით".
ოთარ მაღლაკელიძე







