საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები სომხეთიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის გრან-პრის მე-2 ეტაპზე წარმატებით გამოვიდა. თამაზ ფუტკარაძის გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნახევარფინალში ქართველებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინის ნაკრებთან წააგეს.
თბილისში დაბრუნებულმა მშვილდოსნებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში პრესკონფერენცია გამართეს.
“საქართველოს ნაკრები წლეულს სტაბილურად გამოდის და შედეგებს ტურნირიდან ტურნირამდე აუმჯობესებს. სომხეთში, ფინალში გასვლის შემდეგ, ოქროს მედალს ველოდი, მაგრამ ვერცხლიც დიდი წარმატებაა. მოსამზადებელი პირობები ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია და ამის მიუხედავად, წინსვლა მაინც აშკარაა. პრობლემები მოგვარდება და უახლოეს მომავალში, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებასაც შევძლებთ”, – განაცხადა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ქაცარავამ.
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა კი დამსწრეთ შეახსენა, ივლისში, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატი გველისო და გულშემატკივარს წარმატებისთვის ბრძოლას დაჰპირდა.







