ხორვატიის ქალაქ პორეჩში სტარტი აიღო მსოფლიო თასის პირველმა ეტაპმა მშვილდოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას სამი ქართველი სპორტსმენი – ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და ასმათ დიასამიძე იღებს.
შეჯიბრის პირველ დღეს ინდივიდუალურ შეჯიბრში 80 მშვილდოსანი ჩაება, რომელთა შორის საუკეთესო შედეგი (648 ქულა) პოლონელ იუსტინა მოსპინეკს აღმოაჩნდა. ქართველთაგან ყველაზე უკეთ ნარიმანიძემ იასპარეზა. მან 627 ქულით 22-ე ადგილი დაიკავა. ესებუა 624 ქულით 29-ე გახლდათ, ხოლო დიასამიძე 610 ქულით – 45-ე.
დღეიდან გოგონები ასპარეზობას უკვე ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ. პირველ რაუნდში ნარიმანიძის მეტოქე თურქი დამლა ერგინი (613 ქულა, 43-ე ადგილი) იქნება, ესებუა შვედ ჯენი იეპსონს (618, 36-ე) დაუპირისპირდება, დიასამიძე კი – პოლონელ კარინა ლიპიარსკას (628, მე-20).
გუნდურ ასპარეზობაში ქართულმა ტრიომ თავი 1861 ქულას მოუყარა, რაც 17 ნაკრებს შორის მე-8 შედეგი აღმოჩნდა. მერვედფინალში, რომელიც 7 მაისს შედგება, ჩვენი გოგონები მე-9 პოზიციაზე გასულ ფრანგებს შეხვდებიან. ამ უკანასკნელთა რიგებში სირილ დელამარე, სოფი დოდემონი და ბერენჟერ შუჰი ირიცხებიან, რომელთა მონაგარიც 1860 ქულა გახლდათ.







