კვირის ადრეულ მატჩში “სიტიმ” სტუმრად “ნიუკასლი” დაამარცხა და მინიმუმ ორშაბათ საღამომდე გალიდერდა. “კაჭკაჭებს” ბოლო დროს კარგად ვერ მისდით საქმეები, ზედიზედ ორი მატჩი წააგეს, თანაც ასოციაციის თასის გათამაშებიდანაც გამოვარდნენ, ამიტომ მრისხანე “სიტისთან” აპირებდნენ თავის გამოჩენას. არაფერი გამოუვიდათ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა ინციდენტი, რომლის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდები კიდევ კარგა ხანს იჭორავებენ.
უკვე მე-8 წუთზე ბოსნიელმა ედენ ჯეკომ გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ სტუმრებმა ცოტა მოუკლეს აქტიურობას და მასპინძლებს შეტევების საშუალება მისცეს. ერთ-ერთი მათგანი შეიკ ტიოტეს გოლით დამთავრდა, მაგრამ თანამსაჯმა მიიჩნია, რომ იქვე მყოფი კაბაიე თამაშგარეში იყო და არ ჩათვალა. მასპინელთა დამრიგებელი ალან პარდიუ აფეთქდა და გარშემო ყველას ეჩხუბა, კოლეგა პელეგრინის ჩათვლით, თუმცა შემდეგ ბოდიში მოუხადა მას. მოკლედ, დიდი ამბავი იყო, მაგრამ ანგარიში იგივე დარჩა.
მეორე ტაიმში “ნიუკასლი” ისევ უტევდა, თუმცა ჰარტმა ივარგა, რემის, ბენ არფას და სისოკოს სახიფათო დარტყმები მოიგერია. ბოლოს კი ნეგრედომ მეორე გაიტანა. “ქალაქელთა” სიხარული ერთმა ეპიზოდმა გააუფერულა, ფრანგმა სამირ ნასრიმ ტრავმა მიიღო და ის საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან.
მეორე მატჩი კი უხვგოლიანი და დრამატიული გამოდგა. ანუ ისეთი, როგორც “ლივერპულს” სჩვევია ხოლმე, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ბრენდან როჯერსის ბიჭებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. გაუმართლათ კიდეც, როცა უკვე მე-5 წუთზე ალი სისოკომ დაარტყა, ბურთი მასპინძელ შოუქროსს მოხვდა და კარში შევარდა. 32-ზე სუარესმა გააორა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მამაცმა სტოკელებმა მაინც გაიბრძოლეს. ტაიმის მიწურულს, 6 წუთის განმავლობაში, ყოფილმა ლივერპულელმა კრაუჩმა და ადამმა გაათანაბრეს. მეორე ტაიმში კი მერსისაიდელებმა მაინც იძალეს. სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად გარდასახა კაპიტანმა ჯერარდმა, რომელიც 650-ე მატჩს ატარებდა “ლივერპულის” მაისურით. მერე ისევ სუარესმა და სტარიჯმა გამოიჩინეს თავი, ერთიც მასპინძლებმა შეაგდეს. ამ გამარჯვებით “ლივერპული” მე-4 ადგილზე დაბრუნდა.
ნიუკასლი – სიტი 0:2 (0:1)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 49 423
ნიუკასლი: კრული, იანგა-მბივა (ჰაიდარა 82), უილიამსონი, სანტონი, კაბაიე, ტიოტე, სისოკო, ანიტა (სისე 73), რემი, გუფრანი (ბენ არფა 82)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი (მილნერი 79), დავიდ სილვა, იაია ტურე (ხავი გარსია 61), ფერნანდინიო, ნეგრედო, ჯეკო (ხესუს ნავასი 52)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 ჯეკო (8), 0:2 ნეგრედო (90+5)
გაფრთხილება: სისოკო (37), კაბაიე (38), ტიოტე (49), იანგა-მბივა (75); ფერნანდინიო (40), საბალეტა (45)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 7(7)-3(6), ჯარიმა: 16-16, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-5
სტოკი – ლივერპული 3:5 (2:2)
სტოკი. “ბრიტანია.” 27 160
სტოკი: ბატლანდი, პიტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი, ნ’ზონზი (აირლენდი 81), კრაუჩი, უოლტერსი, არნაუტოვიჩი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, ჯონსონი, შკრტელი, სისოკო, ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (სტარიჯი 66), სტერლინგი, სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 0:1 შოუქროსი (ს.კ. 5), 0:2 სუარესი (32), 1:2 კრაუჩი (39), 2:2 ადამი (45), 2:3 ჯერარდი (პენ, 51), 2:4 სუარესი (71), 3:4 უოლტერსი (85), 3:5 სტარიჯი (87)
გაფრთხილება: შოუქროსი (58); სისოკო (53)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 1(4)-4(2), ჯარიმა: 7-8, კუთხური: 11-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 4-1
მეგოლეები:
22 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
10 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), იაია ტურე (2, “სიტი”)





