პრომოუტერული კომპანია Golden Boy Promotion-ის პრეზიდენტი, ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ოსკარ დე ლა ჰოია, მსოფლიოს 3 წონის ექსჩემპიონის, ამერიკელი შეინ მოზლის საქციელით გაღიზიანებულია. ეს უკანასკნელი ბოლო 5 წლის განმავლობაში სწორედ ზემოთ ნახსენები კომპანიის პრომოუტერობით ადიოდა პროფესიულ რინგზე და ამასთან, Golden Boy Promotion-ის ერთ-ერთი მეწილეც იყო, მაგრამ ახლახანს განაცხადა, რომ კონტრაქტს ვადა გაუვიდა, გახანგრძლივებისგან კი თავი შეიკავა და თავისუფალი აგენტი გახდა. დე ლა ჰოია მიიჩნევს, რომ მოზლიმ მისი კეთილგანწყობით ისარგებლა და მას შემდეგ, რაც მილიონერი გახდა გაცლა ამჯობინა.
“კარგად მესმის, რომ პირადი შეხედულება საქმიან ურთიერთობაზე წინ არასოდეს უნდა დავაყენო, მაგრამ... უბრალოდ საწყენია, როდესაც ურთიერთპატივისცემა მხოლოდ ცალმხრივი აღმოჩნდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი კლიენტი მოკრივეებისთვის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამ შრომას ვერ ან არ ამჩნევს”, - განუცხადა ვეტერანმა მოკრივემ BoxingScene.com-ს.
განაწყენებისა და ხმამაღალი კრიტიკის მიზეზი, სავარაუდოდ, სხვა პრომოუტერული კომპანიის – Top Rank-ის ხელმძღვანელის, ბობ არუმის ამასწინანდელი განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, თანამედროვეობის უძლიერესი მოკრივის, ფილიპინელი მენი პაკიაოს ყველაზე რეალურ სავარაუდო მეტოქედ შეინ მოზლი მიიჩნევა. ამ ორი ცნობილი კომპანიის დაძაბული კონკურენციის შესახებ საკრივო სამყაროში კარგად უწყიან. ოსკარ დე ლა ჰოიასა და ბობ არუმის გუნდები ერთმანეთთან ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე თანხმდებიან და შესაბამისად, მათი კლიენტებიც ერთმანეთს ვერ ხვდებიან. კრივის მიმომხილველთა აზრით, სწორედ პაკიაოსთან დაპირისპირებისა და ამ ბრძოლით მიღებული მილიონების სურვილმა გააწყვეტინა მოზლის საქმიანი კონტრაქტი. არუმი გაახარა, დე ლა ჰოიას კი ძალიან დასწყვიტა გული.







